სამშაბათი, აპრილი 23, 2024

სემეკის დავალებით “თელმიკომ” და “თელასმა” ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) და სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირეს. კომპანიების მიერ სემეკში წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხების ჯამმა 1.321.551 ლარი შეადგინა.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ გადამოწმდა 649 713 აბონენტზე დარიცხული თანხა, აქედან 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით განხორციელებული დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43 760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10 614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ დაკორექტირებულმა თანხამ 801 807 ლარი შეადგინა.

სს „თელასის“ მიერ ტარიფის საფეხურისა და შესაბამისად დარიცხვის კორექტირება შეეხო 184 673 აბონენტს, ხოლო დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519 744 ლარი შეადგინა. 165 169 აბონენტს მეორე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით, 12 876 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 6628 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

კომპანიებმა შეასრულეს სემეკის დავალება. გარდა თანხების დაკორექტირებისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ განახლებული ქოლ-ცენტრი გახსნა, რომელიც დღეისათვის გამართულად მუშაობს. სემეკის მიზანია, რომ კომპანიების მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ გადაცდომას კომისიის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება კანონშესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო სემეკმა აგვისტოში შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა და მოქალაქეებზე განხორციელებული დარიცხვების დაკორექტირება დაავალა.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული