შაბათი, აპრილი 20, 2024

“ეს სწორხაზოვანი აზროვნება როდიდან გახდა ასეთი პოპულარული ქვეყანაში, გაუგებარია” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, დედაქალაქის სკოლებში უფასო კვების თაობაზე, თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან წამოსულ კრიტიკას ეხმაურება და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

სრულიად გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი დაპირებამ “უფასო კვება სკოლაში”? ფილოსოფიური წინააღმდეგობა იდეასთან შემიძლია გავიგო, ბაზარმა დაარეგულიროს, ეს მემარცხენე დაპირებაა და ასეთები. მაგრამ იმის თქმა, რომ თურმე დაპირება ტყუილია – რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაურია.

რას ნიშნავს სკოლები განათლების სამინისტროს ეკუთვნის და ამიტომ ტყუილი დაპირებაა?
თბილისის სკოლებში ბავშვები თბილისელები არიან, შესაბამისად თბილისის მერიას ნებისმიერი სოციალური პროგრამის დაწყება შეიძლია მათთვის რასაც საჭიროდ ჩათვლის შეუზღუდავად.

ფორმა ათასნაირი არსებობს: ვაუჩერები ბავშვებისთვის, სკოლისთვის მიზნობრივი გრანტის მიცემა კონკრეტულად ამ პრობლემის მოგვარებისთვის და სხვა.

აბსოლუტურად არაფერი უკრძალავს თბილისის, ან რომელიმე ქალაქის მერიას სოციალური პროგრამა განახორციელოს რომელიმე ჯგუფთან მის ქალაქში.

ერთადერთი წუხილი რომელიც შეიძლება გაჩნდეს ის არის, რომ თბილისელი ბავშვები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით და ეს ერთგვარი დისკრიმინაციის ალბათობას აჩენს. თუმცა მხოლოდ ეს არგუმენტი არ ვარგა და არ გამოდგება იმისთვის, რომ თუ სხვას ვერ ვეხარებით თბილისელებიც დაიჩაგრონ.

ამასობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ყოლა სხვადასხვა ქალაქში ამითაც არის საინტერესო და სასურველი, რომ კონკურენცია იწყება უკეთესი მართვისთვის და შესაბამისად, ზეწოლა პოლიტიკურ ძალებზე საკუთარი იდეები და პროგრამები სხვისთვისაც მოსაწონი და მისაბაძი გახადონ.

ეს სწორხაზოვანი აზროვნება როდიდან გახდა ასეთი პოპულარული ქვეყანაში, გაუგებარია,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თინა ხიდაშელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული