,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძემ დღეს საპატიმროში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და არჩევნების შედეგები პირველმა გააცნო. მისი თქმით, მე-3 პრეზიდენტი აღფრთოვანებული იყო არსებული მონაცემებით, განსაკუთრებით თბილისის მაჩვენებლით. ოპოზიციონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა შეხვედრის სხვა დეტალებზეც:
,,უპირველესად ჩვენი სასაუბრო თემა, ცხადია, იყო გუშინდელი დღე. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო საერთოდ რა მოხდა გუშინ ქვეყანაში, რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც მას ვუთხარი. განსაკუთრებით, თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ იცის, რომ გაცილოებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზიციის მაჩვენებელი.
მე მას ვკითხე, – რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება ეს არის გაუმართლებელი. ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას იმისთვის, რომ მან თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს.
ამ ხელისუფლებას სახე არ აქვს და ინსტიქტი არ აქვს მართოს, თუნდაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით – სახელისუფლებო ვერტიკალი მთლიანად ჩამოშლილია და ვერაფერს ვერ აკონტროლებენ. ბევრი იცინა იმასთან დაკავშირებით, რომ, ხელისუფლების განცხადებით, ის თურმე დღენახევარი იმყოფებოდა საქართველოში. ის ამბობს, რომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა – თავგანწირვის აქტი მომხდარიყო მისი მხრიდან და ეს მოახერხა.
საპატიმროშიც ისევ ისე მხნედაა, როგორსაც ვიცნობ მიშა სააკაშვილს, რანაირიც გავიცანი და როგორიც ვიცოდი მთელი ბრძოლის მანძილზე, მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია და იცის რა ელოდება წინ.
რაც შეეხება სასამართლოს – არაფერი სასამართლო არ იქნება, მიშა სააკაშვილზე გელაპარაკებით. ვერავინ ვერ გაასამართლებს. იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური ნება. ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს დაეჭირა – ეს მოხდა უკვე! დანარჩენს ვერ შეძლებენ ესენი ვერასოდეს!
საუბარს მოყვა, რომ უხეში დამოკიდებულება ხომ არ ჰქონია პოლიციას მასთან მიმართებაში – თქვა, რომ არანაირი, ძალიან კარგად იქცეოდნენ. როგორც ადმიანისტრაციის თანამშრომლის მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება. იმიტომ, რომ არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. მან თქვა, რომ ყველა, ვინც შევიდა მასთან ასაყვანად – ყველამ გადაიღო სელფი სათითაოდ“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


