პარასკევი, აპრილი 19, 2024

შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ერთი წლის წინ, 2018 წლის 27 მაისს რუსთაველის გამზირზე პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა და საზოგადოებას მოეწოდა ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ. სულისშემძვრელი იყო შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა აქციაზე, რომელსაც იმ დღეს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, რომ დასჯილიყვნენ მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელები.

ამ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდა კიდევ ერთი შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის 19 წლის შვილი, თემირლანი, 2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა. აღსანიშნავია რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელჰყოფის ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, რის გამოც შვილმოკლული მამა ერთი წელია საპროტესტო აქცებით ცდილობს ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარვებში ცხოვრობს, არ აპირებს დანებებას და მანამდე აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, სანამ სიმართლეს არ დადგინდება. მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ აღიაროს თავისი დანაშაული და დაისაჯონ როგორც მისი შვილის მკვლელი, ასევე სპეცოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სუს-ის მაღალჩინოსნები – ყოფილი თუ მოქმედი.

იმის გამო, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მოხერხდა გამოძიების მხრიდან კონკრეტული პასუხების მიღება, მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინაშე დააყენა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რისთვისაც წარადგინა შესაბამისი ხელმოწერები და ასევე აქვს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც, თუმცა საკითხი დღემდე განუხილველია პარლამენტში.

დღევანდელ აქციაზე განცხადება გააკეთა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარში უდგას სიმართლისთვის ბრძოლის საქმეში, როგორც საქართველოში მცხოვრებთ, ასევე ემიგრანტებს. შვილმოკლულმა მამამ გაიხსენა, თუ რა მძიმე ბრძოლის გადატანა უწევს, უსამართლობის, ცილისწამებისა თუ მისი დამცირების მცდელობის პირობებში და აცხადებს, რომ მაინც არ დანებდება, დარჩება რუსთაველოს გამზირზე კარვებში და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის.

სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რაც გამოვიარე – იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაციები, იმდენი ტალახის სროლა, შანტაჟი, არც კი ვიცი ამას რა დავარქვა. ამის მიუხედავად, პირდაპირ მთელ საქართველოს ვეუბნები, ყველა იმ ჩემ მხარდამჭერს ვეუბნები, რომ სანამ ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობის გამო, ჩემი ასეთ დღეში ჩაგდების გამო არ აგებს პასუხს, მე აქედან წამსვლელი არ ვარ. ეს პროტესტები გაგრძელდება. უახლოეს დღეებში გავაკეთებ განცხადებას, თუ რა მასშტაბით და სტრატეგიით გაგრძელდება ჩემი ბრძოლა.

თემირლანის საქმის გამოძიება მალე იყო შესაძლებელი, მაგრამ წელიწადნახევარია იმიტომ გრძელდება, რომ ეს ხელისუფლება ელოდება, თუ როდის დავარდება მალხაზ მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ტყუილად ირჯებიან და ტყუილად ფიქრობენ რომ გავტყდები და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. მე ბრძოლას გავაგრძელებ და ამ ბრძოლისას არ გავცდები სამართლისა და კანონის ჩარჩოებს. აქციები იქნება პანკისის ხეობაში, აქციები იქნება ძალოვანი სტრუქტურების დაწესებულებებთან, აქციები იქნება ყველგან, სადაც მივიჩნევ საჭიროდ” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული