სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) კვლევას “საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ” ეხმაურება ,,მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძე და აცხადებს, რომ როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს შესაძლოა მისი ხმა ფარული არ იყოს, ეს უკვე უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საარჩევნო პროცესში და ამ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე მისი საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ხაზი არჩევნების ფარულობაში მოქალაქეების დარწმუნებაა:

“კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44% ამბობს, რომ საქართველოში შესაძლებელია ხმის ფარულობა დაირღვეს. ეს შედეგი ჩემთვის ახალი და გასაკვირი არ ყოფილა. მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენი პარტიის სოციალურმა სამსახურმაც ჩაატარა საპილოტე კვლევა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოციალური პროგრამების ბენეფიციარებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ჰქონდათ განცდა, რომ შესაძლებელი იყო იმის გაგება, თუ ვის დაუჭერდნენ მხარს არჩევნებზე, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა მათი არჩევანის თავისუფლებაზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია, როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს, რომ შესაძლოა მისი ხმა ფარული არ იყოს და ეს უკვე უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საარჩევნო პროცესში.
სწორედ ამიტომაა, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ხაზია ამომრჩევლების დარწმუნება არჩევნების ფარულობაში, რომ თავისუფლად და უშიშრად გააკეთონ არჩევანი, თუმცა საკმარისი არ არის, ამისთვის აუცილებელია მეტი ძალისხმევა,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა “გიორგი ვაშაძე – მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

