სამშაბათი, აპრილი 16, 2024

IDFI ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტების ანალიზის შედეგებს ასაჯაროვებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ასაჯაროვებს ჩატარებული ანალიზისა და კვლევის შედეგებს. არსებული საკანონმდებლო რეგულირების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტების, ისევე როგორც სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების რიცხვი  ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს.

IDFI-ის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, მედიაში გაჟღერებული ფაქტების, პროაქტიულად გამოქვეყნებული და სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზმა შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოავლინა:

– ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების რეგლამენტირებული ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულს ადასტურებს მაკონტროლებელი ორგანოს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების ფაქტები, რაც გამოწვეულია ინსპექტორისთვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მოსამართლის განჩინების/პროკურორის დადგენილების წარუდგენლობის ან/და წარდგენილ დოკუმენტებში მონაცემების ბუნდოვანება-უზუსტობით.

– ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი. გაიზარდა ასევე დაკმაყოფილების წილი 86%-დან 96%-მდე.

– მსგავსი ტენდენციაა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშრებითაც. კერძოდ, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი.

– ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს.

– გაზრდილია ასევე სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილი. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.

– საგულისხმოა, რომ 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი.

– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დატვირთულობას, ძირითადად ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება განაპირობებს, რომელიც რამდენჯერმე აღემატება იმ ქმედებებთან დაკავშირებული ღონისძიებების რაოდენობას, რომელიც კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებასთან.

– მედიაში გახმაურებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნება. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული