ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კახა კალაძე: “ძალიან დიდი ტყუილია, რომ თითქოს ე.წ. “ცისფერის სახლის” დემონტაჟს ვახორციელებთ”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, არის სიცრუე.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს:

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ. ჩვენ არასდროს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, პირიქით ვუფრთხილდებით, ვუვლით. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

გაბაშვილის ქუჩაზე ჩვენ საბაგირო გზის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, თბილისელებისთვის ძალიან კარგი და საინტერესო პროექტი იქნება. ინფორმაცია ე.წ. ცისფერი სახლის ნგრევის შესახებ კი, არის ტყუილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე განმარტებებს აკეთებს და განცხადებას ავრცელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია:

გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საჰაერო საბაგირო გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, საფრთხეს უქმნის რუსთაველის №54-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს – ე.წ. „ცისფერ სახლს“.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაბაშვილის №6-ში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არანაირ შემხებლობაში არ არის ე.წ „ცისფერ სახლთან“.

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის ჩატარებულია ყველა საჭირო კვლევა და მოპოვებულია მშენებლობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, რომლებიც სრულად შეესაბამება მშენებლობის თანამედროვე სტანდარტებს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომლებიც მდებარეობს გაბაშვილის ქ. №6-ში, ხორციელდება სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, სადაც დეტალურად გათვალისწინებულია ყველა ტექნიკური საკითხი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აღნიშნულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს არანაირი კავშირი არა აქვს ე.წ. „ცისფერ სახლთან“.

შენობის მნიშვნელობიდან და სტატუსიდან გამომდინარე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა მომხდარიყო აღნიშნული ნაგებობის არსებული მდგომარეობის ფიქსაცია.

ამავდროულად, საბაგირო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას შენობაზე უწყვეტ რეჟიმში იწარმოება მუდმივი დაკვირვება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ. ასევე, ე.წ. „ცისფერი სახლის“ მომიჯნავე შენობის დემონტაჟი და დაშლა მიმდინარეობს სპეციალურად მექანიკურად, ხელით და არა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საჰაერო საბაგირო გზის, როგორც უშუალოდ მშენებლობა-რეაბილიტაციის დროს, ასევე მისი ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდშიც, მუდმივად იქნება გათვალისწინებული ვიბრაციისა და ხმაურის დასაშვები დონე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული