პარასკევი, აპრილი 19, 2024

სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, „თელასი“ 50 000 ლარით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა „თელმიკო“ და „თელასი“ დააჯარიმა და კომპანიებს მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 აგვისტოს საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ დაჯარიმების საკითხი. გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, ხოლო სს „თელასი“ – 50 000 ლარით დაჯარიმდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დაჯარიმების მიზეზია ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები.

სემეკმა კომპანიებს განუსაზღვრა ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება.
სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, 2020 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის N246 დადგენილების „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და არაერთი ნორმატიული აქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე, დაგეგმილ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ბაზარის ყველა სუბიექტი.

რეფორმის ფარგლებში საქმიანობის გაყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სს „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების შესაბამისად დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება.

სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.

სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით.

სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს. კომპანიას განემარტა, რომ დარღვევების აღმოუფხვრელობის ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული