პარასკევი, აპრილი 26, 2024

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დღეს გამართულ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, როგორც დამატებითი საწოლების მობილიზება, ისე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვის მიზნით. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს კლინიკური სასტუმროებისა და ოთახების დამატებით მობილიზებას, რათა ეფექტურად გაგრძელდეს კოვიდინფიცირებულთა იზოლაციის პროცესი და გაწყდეს ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს, ვითარების ეფექტური მართვისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ზედმიწევნით დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე – ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული