სამშაბათი, აპრილი 23, 2024

მეუფე იაკობისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის საკითხთან დაკავშირებით

დღეს, 2021 წლის 17 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას უმასპინძლა.

შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი გულღია და გულითადი იყო. რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფემ ბრძანა, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა:

ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რომლებზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. დღეს სოციალური აგენტები მუშაობენ იქ, ამის შემდეგ … მომზადების შემდეგ შევლენ მონიტორები. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ ეს სიტუაცია“.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ პანსიონი მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდება და მასში ბავშვების რაოდენობაც შემცირდება:

თვითონ ნინოწმინდაში, სხვა ტერიტორიაზე მოხდება ბავშვების გადაყვანა. აქ იქნება დღის ცენტრი. გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართული ვიყავით – სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, USAID და ასევე World vision-ი, ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე მონაწილეობს სახალხო დამცველი. თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს… მქონდა საუბარი UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით… ვმუშაობთ ცვლილებებზე და დარჩებიან ის თანამშრომლები, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ასეთი დიდი დაწესებულებები – ეს არის ძალიან მოძველებული ფორმა, არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის პირველ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევცვლით. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით ყველაფერს“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ბრძანა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და მასზე შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო:

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროების შეფასებას და, შესაბამისად, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის არის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ის მეუფე იაკობთან ერთად მომდევნო კვირის განმავლობაში აპირებს, ეწვიოს ნინოწმინდის პანსიონს:

რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ ჩასვლას… ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, აღინიშნა, რომ ამ შეხვედრის შედეგად პროცესები დადებითად წარიმართება და არსებული დაძაბული ვითარება საბოლოოდ განეიტრალდება. ეკლესიის წარმომადგენლებმაც და სახალხო დამცველმაც ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს ჟურნალისტებსა და, ზოგადად, საზოგადოებას, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ბავშვთა უფლებები და მოერიდონ მათთვის სტრესული ვითარების შექმნას.

მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები, გვახსოვს მარტო როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიფიქროთ, ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისგან უნდა დავიცვათ ბავშვები და გამოვა ისე, რომ ტელევიზიისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში. შტურმი დავამთავროთ, ბავშვებს ვაცადოთ, რომ მშვიდ გარემოში იცხოვრონ“, – ბრძანა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დაწყების წინ.

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს სთხოვა, ბავშვების სიმშვიდის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მოერიდონ ყოველგვარ დაძაბულობას და საკითხის ხელოვნურად გამწვავებას:

გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოგვცეთ მუშაობის საშუალება… ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან ამ სტრესიდან… ჩვენ ვცდილობთ, დროზე დავასრულოთ დაძაბული სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული, თქვენ, ჟურნალისტები, თუ აღარ გაამწვავებთ, ძალიან სწრაფად შევლენ შესაბამისი პირები პანსიონში“, – დასძინა მეუფე იაკობმა.

თავის მხრივ, საკითხს შეეხო ნინო ლომჯარიაც, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ არ გვქონია რაიმე არასასიამოვნო თემაზე საუბარი, არ ყოფილა არანაირი დაძაბულობა. ვეცადეთ, ვიმოქმედოთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დაძაბულობის გაღრმავება მათ აზიანებს, მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ პოზიტიური ცვლილებები დაიწყო და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მიდის პროცესი, ახლა მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, რა არის უკეთესი ბავშვებისათვის“, – მიაჩნია სახალხო დამცველს.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული