შაბათი, აპრილი 20, 2024

2021 წლის საგამოცდო რეგულაციები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს 2021 წელს ეროვნული გამოცდების დროს დაწესებული რეგულაციების თაობაზე:

2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ. საგამოცდო პერიოდის დასრულებამდე მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრება. ცენტრი უფლებამოსილია დამატებით სესიაზე მოიწვიოს გამოსაცდელები, ინფიცირებიდან არანაკლებ 14 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამატებითი სესია თითო საგანში მხოლოდ ერთხელ გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა მოხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

რეკომენდაციების შესაბამისად, გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცენტრი წელსაც მოაწყობს სპეციალურ სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული