პარასკევი, აპრილი 19, 2024

ქვეშეთი-კობის ახალი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. ეს მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.

სამუშაოების შესასრულებლად სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM. იგი გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.

კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა კონსტრუქციის არაგაბირიტული ნაწილების ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება. ამ ეტაპზე, საბურღი მოწყობილობის ძირითადი ნაწილი ადგილზეა და კონსტრუქციული ნაწილის აწყობა უკვე დასრულდა, დარჩენილია სამუშაობი, რაც სხვადასხვა ფუნქციურ ელემენტს ეხება. გეგმის შესაბამისად, ივნისის ბოლოსთვის ვვარაუდობთ TBM-ის სრულად აწყობას და ბურღვის დაწყებას. ეს უახლესი მეთოდია მსოფლიოში და საუკეთესო გადაწყვეტაა ჩვენს შემთხვევაში ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის – დროის, ფინანსური და რა თქმა უნდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

პროექტის შესაბამისად, ახალი გზის არეალში, მოხვდება შემდეგი სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.

რთული კლიმატური პირობების გამო, ხადის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და არც არსებულ გზაზე გადაადგილებაა უსაფრთხო. დიდთოვლობისა თუ ზვავსაშიშროების გამო გზა ხშირად იკეტება და ვერ მოძრაობს სადისტრიბუციო, სასწრაფო დახმარების და სატრანზიტო მანქანები.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენებით წელიწადის ნებისმიერ დროს რეგიონში შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ახალი გზა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შეიქმნება ახალი ტურისტული მიმართულებები, რაც ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები აფინანსებს, სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული