შაბათი, აპრილი 20, 2024

“რატომ არის ქარსაცავი ზოლების აღდგენა მნიშვნელოვანი?” – ინტერვიუ ნინო წილოსანთან

2019 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, კიბერუსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ერთად, კლიმატური ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევად დასახელდა. კლიმატური ცვლილებები ძირითადად გლობალური დათბობის შედეგია, რაც ატმოსფეროს ქვედა ფენებში წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარების შედეგად დიდი რაოდენობით გამოყოფილი აირების დაგროვებით აიხსნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვირვებამ აჩვენა, გასული საუკუნის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურის მატებამ და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ ტყის ეკოსისტემაზე გარკვეული გავლენა იქონია. აღმოსავლეთ საქართველოში სითბური ტალღებისა და განსაკუთრებით ცხელი დღეების ფონზე გაზრდილია ტყის ხანძრების ინტენსივობა და მავნებლების გავრცელება. კლიმატის ცვლილებას ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე გააჩნია. გახშირდა გვალვების შემთხვევები, დაფიქსირდა წყლის რესურსების კლება და მიწის დეგრადაცია. რაც საერთო ჯამში აგრო სექტორში წარმოებული პროდუქციის შემცირებას იწვევს [1].

კლიმატის ცვლილების ფონზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაუდაბნოების საშიშროება რეალური გახდა. გვალვიან წლებში, როდესაც ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავებში წყლის დეფიციტი გვაქვს დიდი მნიშვნელობა ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნებას ენიჭება. ამიტომ, ერთის მხრივ საჭიროა წყლის რესურსების ეფექტური მართვა ვისწავლოთ, რაც მის ყაირათიან და მიზნობრივ გამოყენებას გულისხმობს. ხოლო მეორეს მხრივ, იმ ზონებში სადაც ძლიერი გაბატონებული ქარები იცის, ნიადაგს სტაბილური ჰიდროლოგიური რეჟიმის შენარჩუნებაში უნდა დავეხმაროთ.

ქარსაცავი ზოლების არარსებობა არამარტო ზრდის ნიადაგის ეროზიას (დეფლიაციას), არამედ ანადგურებს მის ნაყოფიერ ფენებს. ძლიერი ქარი აშიშვლებს ხეხილის ფესვებს, აზიანებს ხის ვარჯს, აყრევინებს ფოთოლს და ნაყოფს [2;5]. ძლიერი ქარის გავლენა უარყოფითია ერთწლიანი კულტურებისა და ციტრუსოვანი ხილის პლანტაციებისთვისაც.

 

ქარსაცავი ზოლების მნიშვნელობა:

 

  • ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის ეროზიას;
  • იცავს ქარისადმი მგრძნობიარე მცენარეებს;
  • ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
  • ცვლის მიკროკლიმატს, გავლენას ახდენს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურაზე (დაცულ ადგილას ნიადაგის ტემპერატურა შესაძლოა რამდენიმე გრადუსით მეტი იყოს ვიდრე დაუცველში);
  • ზრდის ტენის ოდენობას;
  • ასრულებს ეკოლოგიური დერეფნის როლს, ქმნის საცხოვრებელს სასარგებლო მწერებისა და ფრინველებისთვის;
  • აუმჯობესებს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს სახლის გარშემო და ფერმაში;
  • ამცირებს ცხოველების სიკვდილიანობას ცივ პერიოდში;
  • ცხოველებისთვის საჩრდილობელს წარმოადგენს ცხელ ამინდში;
  • ქმნის დამატებით საკვებს ადამიანებისათვის (ხეხილი და კენკრა); • იძლევა დამატებით საკვებს ცხოველებისთვის (ჩამოცვენილი ნაყოფები, ნასხლავი და სხვ.);
  • მცენარეების უმეტესობა თაფლოვანია, ამიტომ წარმოადგენს ნექტრის წყაროს ფუტკრისთვის;
  • ამცირებს ხმაურს, იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან (მტვერი, გამონაბოლქვი);
  • ასრულებს ღობის ფუნქციას [3].

ქარსაცავი ზოლების მიმდებარე ნაკვეთებში მცირდება აორთქლება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ რაც უფრო მაღალია დამცავი ზოლის სიმაღლე მით უფრო მაღალია დასაცავი მიწის ნაკვეთების ტენიანობა, ხოლო აორთქლება მნიშვნელოვნად მცირდება. ასე მაგალითად ქარსაცავი ზოლების გავლენით ზოლიდან 25 მეტრ მანძილზე აორთქლება 25%-ით მცირდება [4].

დღეის მონაცემებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარ არსებობს ქარსაცავი ზოლების სისტემა, რომელიც 90-იან წლებში ენერგომატარებლების დეფიციტმა შეიწირა, ხოლო რაც დარჩა ისიც ამორტიზირებულია და თავისი რესურსი დიდი ხანია ამოწურა. აგრო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქარსაცავი ზოლების აღდგენა. თუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად ვერ მოხერხდება, ეტაპობრივად მაინც მოხდეს მათი განაშენიანება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ რეგიონებს სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ ირწყვება და მხოლოდ ბუნებრივი წესით მოსული ნალექების იმედად არიან ფერმერები დარჩენილები, ასევე იქ სადაც გაბატონებული ქარები მძაფრი ან ძლიერია. ეს საშუალებას მოგვცემს როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი კულტურები დავიცვათ ნიადაგის გამოშრობისგან, ხოლო შეზღუდული წყლის რესურსები გამოვიყენოდ მაქსიმალურად მომჭირნედ.

ქარსაცავი ზოლების აღდგენის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის სწორად დაგეგმვას და მერე მის წარმართვას. პირველ რიგში საჭიროა ქარსაცავი ზოლების ინვენტარიზაცია, არსებული რესურსების გამოყენების შესაძლელობის გათვალისწინებით, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების მითითებით. მეორე ეტაპზე უნდა მოხდეს ყველა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაყოფა ზონების მიხედვით, სადაც გათვალისწინებული იქნება კლიმატური პირობები, გაბატონებული ქარების არსებობა და მათი სიძლიერე, გარემოს ლანშაფტი, ნიადაგის მდგომარეობა, მოსაყვანი კულტურების თავისებურებები სახეობების მიხედვით, სარწყავი სისტემების მდგომარეობა და ა.შ. ხის ჯიშები უნდა შეირჩეს მათი მაქსიმალური სიმაღლის, ქარგამძლეობის, დარგვისა და მოვლის ეკონომიურობის, სწრაფი ზრდის, სიცოცხლის ხანგძლივობის, ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შემგუებლობის გათვალისწინებით [2;4]. სასურველია მონაწილეობდეს ფოთლმცვენი და მარადმწვანე სახეობები სხვადასხვა რიგებში და აუცილებლად ბუჩქები, რაც განაპირობებს ქარსაფრის ფუნქციონირებას მთელი წლის განმავლობაში [3].

პროექტზე დახარჯული თანხები ბუნებრივია პირველივე წლებში ეკონომიკურ ეფექტს არ მოგვიტანს, მაგრამ დროთა განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდილი მწარმოებლურობა საშუალებას მოგვცემს ხარჯები ამოვიღოთ გაზრდილი მოგების საშუალებით (კაპიტალდაბანდებული თანხების უკუგების მაჩვენებლები თვითოეული ზონისთვის, მოყვანილი პროდუქტის სახეობების მიხედვით ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს). მოვიყვანთ ქარსაცავი ზოლების ეკონომიკური ეფექტიანობის მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს. ქარსაცავი ზოლები მარცვლოვანი კულტურების მოსავლიანობას საშუალოდ 20%-დან 40%-მდე, ხოლო ჩაის პლანტაციებში  – 35%-ით ზრდის [3].

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს.

ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით თქვენი კომიტეტი ქარსაცავი ზოლების აღდგენის ინიციატივით გამოდის და საკანონმდებლო ორგანოში ეს საკითხი აქტუალურად განიხილება. რა სტადიაზეა ახლა ეს პროექტი და ველოდოთ თუ არა, რომ უახლოეს მომავალში ქმედით ნაბიჯებს დავინახავთ ამ მიმართულებით?

  • კანონპროექტი კომიტეტის მიერ დაინიცირებულია და ამ ეტაპზე მისი პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს სავალდებულო კომიტეტებში. 2 ივნისს დასრულდება სავალდებულო კომიტეტების მიერ განხილვები და 7 ივნისს დაგეგმილია აგრარული კომიტეტის, როგორც წამყვანი კომიტეტის მიერ პროექტის განხილვა და შემდგომ სესიაზე გატანა. კანონპროექტის მიღება მიმდინარე სესიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, არსებული განხილვის ვადების გათვალისწინებით სესიის დასრულებისთვის უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი.

თქვენს კომიტეტს დამუშავებული აქვს თუ არა ამ პროექტის ფინანსური ხარჯების ნაწილი და რა ეკონომიკურ ეფექტს მისცემს ეს აგროსექტორს?

  • როგორც აღვნიშნე, პროექტის ინიცირება მოხდა კომიტეტის მიერ, შესაბამისად მასზე მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და განმარტებით ბარათში ასახულ იქნა ყველა ის ძირითადი მონაცემი, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებების დანახარჯებს წარმოადგენს. ამასთან, მიწის სააგენტოს მიერ, სულ ახლახანს, მოხდა ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით წინასწარი ბაზრის კვლევის ჩატარება, რომლის განახლებული მონაცემებით 6 მლნ. ლარი იქნება საჭირო ინვენტარიზაციის პროცესის განასახორციელებლად. ქარსაფარი ზოლის გაშენების შედეგად ჩვენ ვიღებთ გაზრდილ მოსავლიანობას, არსებულ გარემოს ვხდით უფრო მეტად ენერგოეფექტურს, ვიცავთ ნიადაგს ეროზიისგან. ეს ყველაფერი ციფრებში კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს, დაახლოებით 23%-ით იზრდება ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში მოსავალი, გათბობის ხარჯები 25%-მდე მცირდება და ფერმერის საკუთრების ღირებულება 15%-ით იზრდა.

ამ პროექტის დაფინანსება გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში და საჭიროების შემთხვევაში საიდან უნდა მოხდეს დამატებითი სახსრების მოძიება?

  • კანონის პროექტში კონკრეტული მუხლი ეთმობა დაფინანსების წყაროებს, სადაც გაწერილია საბიუჯეტო თანხებთან ერთად დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის შესაძლებლობაც. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე საპილოტედ რამდენიმე რეგიონი (კახეთის მაგალითზე: გურჯაანი, დედოფლის წყარო) დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მოეწყო ქარსაფარი ზოლები და მათი მხრიდან გაცხადებული მზაობით არის განპირობებული ამ საკითხის კომიტეტისთვის ერთ-ერთ ძირითად პირორიტეტად ქცევაც. დამატებითი სახსრების ნაწილში ასევე აღსანიშნავია აწ უკვე გაშენებული ქარსაფარი ზოლების კერძო პირთათვის მართვაში გადაცემის შემთხვევაში მიღებული დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობაც, რაც ფერმერს დაეხმარება ქარსაფარი ზოლის მოვლა პატრონობისთვის არსებული ხარჯების დაფარვაში.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

[1] https://nea.gov.ge/Ge/popular/3

[2] http://www.gaas.dsl.ge/pdf/recomendations_2014-2015/2015-1_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

[3] https://agrokavkaz.ge/agroplus/qarsaphari-zolebis-mnishvneloba-da-gashenebis-sqemebi-saqarthvelosthvis.html

[4] https://srca.gov.ge/files/qarsafar_16_gv.pdf

[5] https://agrokavkaz.ge/fermerta-skola/ra-unda-vitsodeth-akhali-gazonis-chaqhris-an-dzvelis-ganakhlebisathvis.html

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული