ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაფშაველების სამართალი - ვაჟა-ფშაველას წერილის მიხედვით

ფშაველების სამართალი – ვაჟა-ფშაველას წერილის მიხედვით

ფშაველები საინტერესო ყოფა-ცხოვრების ხალხია, რომელთა თავისებური, განსხვავებული ტრადიციები არაერთი ადამიანის ინტერესის საგანია.

ფშავ-ხევსურული ტრადიციების, მითებსა და ლეგენდების ნაწილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებამ შემოგვინახა, თუმცა, გარდა მხატვრული ნაწარმოებებისა, პოეტს მთის ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფაქტები თავის რამდენიმე წერილშიც ჩაუწერია, ზოგიც საკუთარი თვალით ნანახი, ზოგიც წინაპრებისგან გადმოცემული. „ფშავლების ძველი სამართალი და საოჯახო წესები“ სწორედ ასეთი წერილია, საიდანაც ძველი ფშაველების სამართლის წესებზე ბევრ საინტერესო და უცნაურ რამეს ვგებულობთ.

ძველი ფშაველების სამართლის კანონები, რამდენადაც მარტივი ყოფილა, იმდენად დაუნდობელიც.
თვით ცხოვრება ფშავლისა არ იყო რთული, იგი იყო მდაბიო, მარტივი, რის გამოც მარტივი სამართალი უნდა დაბადებულიყო“.

განსამართლებაში ყოველთვის მხცოვანი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, სასჯელს კი მთელი თემი გამოიტანდა. სასჯელი საკმაოდ მკაცრი ყოფილა: ფიზიკური, რაც ჩაქოლვას გულისხმობს და ზნეობრივი ანუ „მოკვეთა“, საზოგადოებიდან გაძევება. ამის მაგალითს თავად ვაჟას პოემა „ალუდა ქეთელაურში“ ვხვდებით, სადაც თემი ალუდას მთელი ოჯახით „მოკვეთს“, გააძევებს.
საზოგადოებიდან ადამიანი შეიძლება მოკვეთილიყო ქურდობის, თემის პირის გატეხვის, მაყვედრობისთვის და სხვა დანაშაულთა გამო. მოკვეთილ ადამიანს სახლში აღარავინ შეუშვებდა, არც რაიმე სახის დახმარების ხელს გაუწვდიდა თემი, ასეთ ხალხს საზოგადოება, როგორც უცნობსა და მტერს, ისე გარიყავდა.

წისქვილისა და სამჭედლოს კარებიც დახშული იყო მოკვეთილისათვის; ხატში, ყრილობაში აღარ გაატარებდა ხალხი მოკვეთილს“.

თუმცა მოკვეთილს თემთან შერიგების შანსიც გააჩნდა, თუკი შენდობას ითხოვდა და ხატს ცხვარსა და ხარს შესწირავდა. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაედო ფიცი, რომ დანაშაულს აღარასდროს გაიმეორებდა.

ბევრად უფრო დაუნდობელია ფიზიკური სასჯელი, ჩაქოლვა, რაზეც ვაჟა-ფშაველა წერს:
ჩაქოლვას გამოიწვევდა ხატისა და თემის მოღალატეობა, ქალისა და კაცის სიყვარული, როდესაც ამ სიყვარულის ნაყოფი გამოჩნდებოდა.

ამგვარ დამნაშავეებს ჩაქოლავდნენ ხიდის ყურეზე, ან „გზის შესაყარში“, გზაჯვარედინში, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს ენახა დამნაშავენი“.

როგორც მთის სხვა რეგიონებში, სისხლის აღების ჩვეულება ფშავ-ხევსურეთშიც არსებობდა. ამ დროს ორი საგვარეულო ერთმანეთს სასიკვდილოდ გადაემტერება. ეს მტრობა თაობიდან თაობაზე გადადის, თუმცა ფშაველებში შესაძლებელი ყოფილა გადამტერებული საგვარეულოების შერიგება. ამისთვის მკვლელს საკმაოდ დიდი საზღაურის გადახდა მოუწევდა. მას მოკლულის ნათესავებისთვის 80 ძროხა ან 360 ცხვარი უნდა მიეცა, რითაც კაცის „თავსისხლს“ გამოისყიდდა.
გარდა ამისა, სხეულის ცალკეული ნაწილებსაც თავისი საფასური ჰქონია. თუკი ერთი მეორეს სხეულის რომელიმე ორგანოს დაუზიანებდა, მისი შესაბამისი ფასი უნდა გადაეხადა. ასე, მაგალითად, მთელი ხელი შეფასებული იყო 15 ძროხად, ნეკა თითი – 1 ძროხად, არათითი – 2, შუათითი – 3, საჩვენებლი – 4, ცერა ყველაზე მეტად ფასობდა და 5 ძროხა იყო მისი საფასური. სახის არეში დაჭრილობის სირთულესაც გულმოდგინედ შეაფასებდნენ და მასაც ძროხებით ანგარიშობდნენ.

ასევე, მოკლულის ნათესავებს უფლება ჰქონდათ მკვლელის საგვარეულოდან ნებისმიერი რამ წაეღოთ, რაც კი მოეწონებოდათ. ამ ჩვეულებას „ალმანია“, „ყისტი“ ჰქვია. ხშირად „ალმანად“ ერთი საგვარეულო მეორეს მამულსაც კი წაართმევდა.

თუმცა „ალმანის“ წესები არ ვრცელდებოდა ზოგიერთ განსაკუთრებულ ნივთზე, მეტიც, მათი მიტაცება დიდ დანაშაულად ითვლებოდა. მაგალითად, ისეთ იარაღს ან ხმალს, რომლებიც ომის დროს ასახელებდა პატრონს, ხევისბერი დალოცავდა და „დაარისხებდა“ მას, ვინც ამ ნივთს „ალმანით“ წაიღებდა. ასე, რომ ასეთი ნივთები ხელშეუხებელი იყო, ყოველთვის საგვარეულოში რჩებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

სისხლის აღების წესები მხოლოდ სხვადასხვა საგვარეულოს შორის მოქმედებდა. დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურად მოგვეჩვენება, თუმცა ძველი ფშაველების ტრადიციითა და სამართლის კანონების მიხედვით, ერთი საგვარეულოს შიგნით მომხდარ დანაშაულზე სასჯელის კანონები საერთოდ არ ვრცელდებოდა. ნათესავის მკვლელი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან იყო თავისუფალი, მას არავინ გაასამართლებდა:
მამას შეეძლო შვილი მოეკლა დაუსჯელად, ძმას – ძმა, „თავსისხლს“ იმათ არავინ მოსთხოვდა, თემი იმათ პასუხისგებაში ვერ მისცემდა, მაგრამ ღირსება მათი კი დამცირებული იყო ხალხის თვალში, ყველანი ზიზღით უცქერდნენ ამგვარს მკვლელს და „ცოდვიანას“ ეძახდნენ“.

დღეს ეს ტრადიციები სახეცვლილი ან მივიწყებულია, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები წინაპრებისთვის ეს კანონები და წესები იმ რეალობას წარმოადგენდა, რომელშიც ცხოვრობდნენ, რასაც უფრთხილდებოდნენ და პატივს სცემდნენ.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...