შაბათი, აპრილი 27, 2024

მედიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია

პრესისა და სიტყვის თავისუფლება – ეს არის ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მონაპოვარი, ხოლო მედიისა და სიტყვის თავისუფლების ხარისხი პიროვნების თავისუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

დღეს, ასეთ პოლიტიზირებულ გარემოში, საქართველოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ტელევიზორს არ უყურებს, პრესას არ კითხულობს და, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას. დღევანდელ ეპოქაში, ასევე, ძნელად მოიძებნება ისეთი, ვისთვისაც უცნობია ინტერნეტის თავისუფალი გარემო, თუმცაღა, ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო გარემო, მაინც, ხალხის საუბრებია ერთმანეთთან. საერთოდ კი, ყველა ჩვენთაგანისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, რამეთუ, არათავისუფალი მედიისა თუ ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, ხალხი ჰგავს ქვევრში გამოკეტილ აბესალომს და მანამ ვერ გათავისუფლდება, სანამ ქვევრი არ გატყდება.

საერთოდ კი, ინფორმაციის თავისუფლება ვინმეს გემოვნების საკითხი კი არა დემოკრატიული ღირებულებების აღიარების შედეგი უნდა იყოს. ხოლო, თუკი, რომელიმე მედიასაშუალება არღვევს რაიმე სახის ნორმებს, ამისათვის არსებობს კანონები, შესაბამისი მარეგულირებელი სამსახურები თუ სასამართლო.

დიახ, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციები, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის პრიორიტეტული იყოს პრესისა და სიტყვის თავისუფლება, შედეგად კი პიროვნების თავისუფლება. ნამდვილად აუცილებელია, რომ მედია უფრო და უფრო თავისუფალი იყოს ჩვენს ქვეყანაში, მთელს პლანეტაზე და ამასთან ერთად, უფრო და უფრო მაღალი იყოს ჟურნალისტებისა, რეპორტიორების, კორესპონდენტების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობაც!

ცხადია, მედიასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მით უფრო ამ მოზღვავებულ, ლამის, ქაოტურ ინფორმაციული ნაკადში და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ამქვეყნად ბევრია ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც სიმართლისთვის თავი გაუწირავს, ტყვიას არ შეუშინდა, ფულზე არ გაიყიდა და უღირსი რეპორტაჟი არ გააკეთა…

დიახ, მსოფლიო ამაყობს ბევრი შესანიშნავი, ღირსეული ჟურნალისტით, თუმცაღა საქართველოში რამდენია ასეთი, ძნელი სათქმელია. ალბათ… შეფასების საზომს გააჩნია…

მედიას, მართლაც რომ, უდიდესი როლი აკისრია, უდავოდ, მეოთხე ხელისუფლებაა იგი და რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ არ გახდეს პირველი იდეოლოგი…

ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფალი მედია ის ჰაერია, რასაც თავისუფალი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება, ხარბად რომ ჩაისუნთქოს და გულთან ახლოს რომ მიიტანოს, სწორედ ეს გვეამაყება ჩვენ, მედიის წარმომადგენლებს!

მედიის თავისუფლების დღეს გილოცავთ კოლეგებო და გისურვებთ საზოგადოების მხრიდან ალალ, გულწრფელ პატივისცემასა და სიყვარულსაც!💐❤️

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული