პარასკევი, აპრილი 26, 2024

საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია – ცესკოს განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცალკეულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე:

დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, შეფასდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად და ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკოს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. თუ მომავალში იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციების განსახორციელებლად შეიქმნა, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრეს-სპიკერი. შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი.

მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს – ასევე არის არასწორი და მიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, – რაც არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერ. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული