ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ხათუნა სამნიძე: მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ შეთანხმება მოხდება პირველ ნაბიჯზე, რომელიც ხება ამნისტიის კანონი:

პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, რაც საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის და ძირითადი გზა წინ არის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არცერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა და ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან. ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის.

ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას პირველ რიგში გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია, შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით; ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა ყველას გთხოვოთ, ამ პირველ ნაბიჯებზე ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი. უამრავი შეკითხვაა.

ჩვენ ამ შეხვედრების პროცესში, ყველა შეხვედრის შემდეგ შევძელით და პასუხი გავეცით შეკითხვებს. ყველაზე მთავარი კითხვა – ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით (ორივე მხარემ) გუშინ, რომ არა, ეს ამ ადამიანებს არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან, რომ შესაძლებელია კომპრომისით და თანამშრომლობით ჩვენ ამ დოკუმენტის განხორციელება შევძლოთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული