“არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა” – კახა კალაძე

57

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში თბილისის მერია პირველივე დღიდან შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა:

ბოლო პერიოდში დედაქალაქისთვის ბევრი კარგი პროექტის ინიცირება მოხდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. იცით, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე არის მეწყრული ზონა. მინდა, ანგარიში ჩავაბარო მოსახლეობას, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ყოველდღიურად ვცდილობთ, სრულყოფილი ინფორმაცია გავავრცელოთ. აღნიშნულ ფერდზე რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა. პირველ რიგში, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან დარგის სპეციალისტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან. მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საპრევენციო ღონისძიებებს, დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმაც მომზადებულია.

16 მარტს, როდესაც საფრთხე დავინახეთ, გზა გადაიკეტა, მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ოპერატიულად დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი, რათა დეფორმაციის ხასიათსა და დინამიკაზე დაკვირვება გვეწარმოებინა. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა. რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევისთვის, ეს გეგმა გვაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. რაიმე საფრთხე თუ იქნებოდა, პირველები ჩვენ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, რომ აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია. ეს ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდი უახლოეს მომავალში უსაფრთხო გახდეს და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გვაწვდის. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის ზონებში მუშაობის, მათ შორის, წყნეთი-ბეთანიის გზაზე, სადაც მათთან ერთად ჩართული იყვნენ უშუალოდ ის გერმანელი სპეციალისტები, ვინც დღეს გვეხმარებიან ვაშლიჯვრის ფერდის პრობლემის მოგვარებაში. ასევე, აღნიშნული კომპანია და გერმანელი ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ფერდის პრობლემის მოგვარებაში, სადაც სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ამჟამად, ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ასევე, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებას და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს და ეს ფერდი უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები