შაბათი, აპრილი 20, 2024

ახალგაზრდა მეღვინის გზა თბილისიდან კახეთამდე – ინტერვიუ ბექა ოთიაშვილთან

ბექა ოთიაშვილი – 26 წლის მეღვინე, რომელიც საცხოვრებლად თბილისიდან კახეთში გადავიდა და საკუთარი ხელით ვენახი გააშენა. ახალგაზრდა მეღვინე სააგენტო “პარალელის” შეკითხვებს პასუხობს:

  • ბექა, როგორც ვიცით, თქვენ თბილისიდან საცხოვრებლად კახეთში, კერძოდ კაკაბეთში გადახვედი, რა იყო ამის მიზეზი?

– პირველ ეტაპზე იყო ეკონომიკური მიზეზი, როდესაც საქართველოს გარშემო ტურისტებთან ერთად დავდიოდი სხვადსხვა მარნებში და ვხედავდი, რომ მეც მქონდა მაგის ბაზა მსგავსი მარანი ამეშენებინა და გამეკეთებინა, თან ვისწავლე როგორ მუშაობდნენ, დავიწყე ნელ-ნელა ყიდვა ამ მარანისთვის საჭირო რაღაცეების. პირველ ეტაპზე, ვიყიდე მიწები და გავაშენე ვენახები, შემდეგ როცა ვენახები აშენდა, დავიწყე მარნის მოწყობა, ქვევრების ჩაყრა, გალამაზება და ა.შ.

  • იდეიდან საწყის ეტაპამდე, რა გზა გამოიარეთ?

– ღვინის დაყენება არის ძალიან რთული პროცესი, როგორი გამოცდილი მეღვინეც არ უნდა იყოს, როდესაც კარგი პროდუქტი გაქვს, ეს არის შენი წარმატების საწინდარი, რაც შეეხება ღვინის შექმნას, ეს პროცესი არის ძალიან რთული იმიტომ, რომ ღვინო ცოცხალი ორგანიზმივითაა, შესაბამისად ყველაზე მეტი პრობლემაც ღვინოსთან ურთიერთობაში შემექმნა და ახლაც როცა  ამდენი წლის გამოცდილება მაქვს, მაინც არ ვარ კმაყოფილი ჩემი ღვინოებით და მინდა, რომ უფრო უკეთესი გამოვიდეს.

  • ბექა, რამ გადაგაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა?

– პირველ ეტაპზე როგორც გითხარით, მინდოდა  უფრო მეტი  ფული მეშოვნა და თან მინდოდა ჩემი სამოთხე მომეწყო, დავხვედროდი უცხოელ სტუმრებს, ჩემს საკუთარ სახლში და გამეცნო მათთვის, ჩვენი ღვინის ტრადიცია თუ როგორ ყენდება, რანაირად და ყველა დეტალი ღვინის შესახებ. სწორედ ამიტომ მინდოდა,  საკუთარ სახლში მომეწყო სამოთხე.  „შატო“ გამეკეთებინა, მეცხოვრა მშვიდად და თან ფულიც მეკეთებინა.

  • გაგიჭირდა თუ არა თბილისის, მშობლების და მეგობრების დატოვება? რამდენად მძიმე იყო ეს თქვენთვის?

– თავიდან რთული იყო, იმიტომ რომ სხვა გარემოში ვიწყებდი ცხოვრებას, თან მიწევდა ფიზიკური შრომა (პირველ ეტაპზე რთული იყო) მაგრამ, რადგან ახლოა თბილისთან, ხშირად ჩამოდიოდნენ ჩემი მეგობრები და მამხნევებდნენ, ყველაზე ძალიან დიდი ქალაქიდან სიწყნარეში გადასვლა და შეგუება გამიჭირდა, მაგრამ შეგუების შემდეგ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა ჩამოვიდვარ თბილისში, პირველივე საცობის დანახვაზე, ერთი სული მაქვს უკან გავბრუნდე, იქით უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.

  • ქართული ღვინის პერსპექტივას როგორ ხედავთ?

– შეიძლება, ჩვენ რვა ათას წლიანი ისტორია გვქონდეს, ძალიან დიდი ტრადიცია ღვინოსთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა გვჯობია და ეს არის, შიდა პრობლემის ბრალი, ჩემი აზრით, პირველი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა მეღვინეა საქართველოში, ამიტომ ღვინოზე კონკურენცია არ არის. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრი აყენებს ღვინოს, მაგრამ არ იციან სწორად დაყენება, ჩვენ უფრო მევენახეები ვართ, ვიდრე  მეღვინეები, სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. იქედან გამომდინარე, რომ ოთხი-ხუთი მარანი იბარებს ჩვენს ყურძენს, ამისთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მოსავალი მოვიყვანოთ და გავყიდოთ ყურძენი და არა ღვინო, შესაბამისად კონკურენცია არის ყუძნის რაოდენობაზე და არა ღვინის ხარისხზე. ყველა ის ადამიანი, ვისაც სახლებში აქვთ პატარ-პატარა მარნები, ისინი თვითონ დაიწყებენ ღვინის წარმოებას და დაწყებას, აიწევს ღვინის ხარისხიც, რადგან იქნება კონკურენციაც. მაგ: ჩემს სოფელში, სამიათასი ოჯახი ცხოვრობს და სულ სამ ოჯახს აქვს მარანი და ყიდის ღვინოს,  წარმოიდგინეთ, სამი ათასმა ოჯახმა, რომ დაიწყოს ღვინის გაყიდვა და არა ყურძნის, ეს იქნება ძალიან დიდი კონკურენცია და გაზრდის ღვინის ხარისხს, ამისთვის კი საჭიროა ტრენინგები და გაცნობა თუ როგორ დააყენონ სწორად ღვინო და გაიტანონ ბაზარზე.

  • რომელი ტიპის ღვინოებს აწარმოებ?

– მე ვაწარმოებ კახურ ღვინოებს, ჩემი მთავარი ღვინო არის „მანავის მწვანე“ ანუ კახურის მწვანე საფერავი, რქაწითელი, „რისლინგი“- ეს არის უცხოური ჯიში და ალადასტური.

  • როგორ ხედავთ, თქვენს თავს სამ წელიწადში?

– თუ ტურისტების მხვრივ, ყველაფერი დალაგდება. სამ წელიწადში ნორმალურად ცნობილი „შატო“- უნდა მქონდეს.

  • როგორც ვხედავთ, თქვენ საკამოდ დიდ ყურადღებას აქცევთ ბრენდირებას (შეფუთვა, ლოგო, ეტიკეტი, ბოთლის დიზაინი) რას გვეტყვი ამაზე? და აპირებ თუ არა რეკლამას?

– პირველ ეტაპზე, როდესაც უკვე ღვინო ბოთლში ასხია, ეტიკეტირება და ბრენდირება მთავარია, რადგან თვალით უნდა დააინტერესო მომხმარებელი როცა გაყიდვაშია, ხოლო როცა მარანშია, დეგუსტაციის შემდეგ შეუძლია შეიძინოს შენი პროდუქტი. რაც შეეხება რეკლამას, როდესაც შევქმნი, „შატოს“ ოფიციალურ  სოციალურ ქსელს, აუცილებლად დავარეკლამებ.

  • რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარა, საქმის წარმატების აწყობაში?

– ყველაზე მეტად დამეხმარა ბიძაჩემი, სოლომონ ექვთიმიშვილი. მას, რომ ვუყურებდი ვერ ვფიქრობდი, რომ რამეს ვერ შევძლებდი. ეს ადამიანი მმატებდა მეტ მიზანდასახულობას, რომ ის გეგმა შემესრულება  რაც დასახული მქონდა. ნუ, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, რომ არა, არ ვიქნებოდი მე.

  • და ბოლოს, რა რჩევებს მისცემთ დამწყებ მეღვინეებს ? რა სირთულის გადალახვა შეიძლება მოუწიოთ მათ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ღვინის დაყენება ძალიან რთულია, პირველ რიგში საჭიროა თეორიული ცოდნა ღვინის კარგი დაყენებისთვის, შემდეგ პრაქტიკული, ამისთვის საჭიროა  მოიძიონ ინფორმაცია  როგორ დააყენონ ღვინო სწორად.

 

ავტორი
თეკლა თოდუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული