ევროპელი და ამერიკელი მედიატორების ჩართულობით გამართული რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რაშიც დამნაშევად “ქართულ ოცნებას” მიიჩნევს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისა და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის:
“პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას მაღალი პოლიტიკური კულტურა და ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა “ქართული ოცნება”, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, დასავლეთმა კიდევ ერთხელ ნახა, თუ ვისთან აქვთ საქმე.
ჩვენ ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ, როგორც ვხვდები, “ქართული ოცნების” მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. სამწუხაროს საქმე გვაქვს ქვეყანაში ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებასთან, “ქართული ოცნების” მხრიდან.
აქედან გამომდინარე, თუ არაა მიღწეული შეთანხმება და მედიატორი ისე ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავეა მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნება”. ვფიქრობ, რომ ამის შედეგი, რასაც ისინი აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთიდან.
ყველამ დაინახა მედიაციის მხრიდან, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისა და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც იყო “ქართული ოცნების” მხრიდან, ამ პროცესში, ვერცერთ შემთხვევაში, ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების ამხელა მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული, ამ ეტაპისთვის.
ჩვენ, ოპოზიციას, გვაქვს ერთიანი პოზიცია და ღიად მინდა განვაცხადო, რომ არც კი მისულა საკითხი იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის რაიმე პრობლემა, ფაქტობრივად, “ქართულმა ოცნებამ”, გაუგებარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროცესი ბოლომდე შეაფერხა.
დამერწმუნეთ, რომ დასავლეთმა ძალიან კარგად დაინახა, სად დგას ოპოზიცია და სად დგას “ქართული ოცნება” და ამას ექნება შესაბამისი შედეგები.
დღეს შემიძლია ღრმა დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ამაში ვარ დარწმუნებული, რადგანაც, ამ მოლაპარაკებებში დესტრუქციული როლი შეასრულა “ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.