ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კახა კალაძე: მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან, მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე მიღწეულით

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დატოვებასთან და მის მილანში გადასვლასთან დაკავშირებით სიცრუეა და ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დედაქალაქში” ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ის პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხნით აპირებს:

მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გამიგია. მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავასრულე ჩემი სპორტული კარიერა, ქვეყანაში დავბრუნდი და ვარ პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებ, სჭირდება ჩემს ქვეყანას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია.

მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან. მიყვარს საქმის ბოლომდე მიყვანა და ყოველთვის ვცდილობ, არ დავკმაყოფილდე მიღწეულით.

ზოგადად, ჩემი წარმატების ფორმულის ნაწილია, რომ როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე ამით, უნდა ეძებო უფრო მეტი და ასევეა ჩემს ქალაქთან მიმართებაშიც. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

მე თბილისელებს ვერ ვეტყვი, რომ აი, ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართ, რამდენი კარგი რამ გავაკეთეთ. რამდენი კარგიც გავაკეთეთ, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი პრობლემებია დედაქალაქში, რომელსაც ჭირდება მოგვარება და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამას ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, კახა კალაძის თქმით, ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული