საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება/პრეზენტაცია გამართა მეტეხის პლატოზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინიციატივო ჯგუფმა, სახელწოდებით “კონსტიტუცია-100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!“. საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა – რატი ამაღლობელმა, ხათუნა ლაგაზიძემ, ლაშა ბუღაძემ, დავით კიზირიამ, ელენე ხოშტარიამ, გიორგი ვაშაძემ, მამუკა ხაზარაძემ და სხვებმა ხელი მოაწერეს საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ მემორანდუმს:
“ასი წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რესპუბლიკა შეიქმნა. სახალხო ნებაზე დაფუძნებული რესპუბლიკის დაბადება უმნიშვნელოვანესი მომენტია ქვეყნის ისტორიაში, ხალხის მიერ პროპორციული პრინციპით არჩეული პარლამენტით, პროგრესული კონსტიტუციით, ადამიანის კეთილდღეობისკენ მიმართული პოლიტიკით.
პირველი კონსტიტუციით მსოფლიოს მასშტაბით გაცხადდა ქართველთა სწრაფვა ევროპული ცივილიზაციის თავისუფლებისა და პროგრესისაკენ.
პირველმა რესპუბლიკამ შექმნა ხალხის და განსხვავებული პარტიების თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა. კანონმდებლობა, რომელმაც უზრუნველყო თავისუფლება, თანასწორობა, ადგილობრივი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიული დემოკრატია, სოციალური უფლებები – იყო პატრიოტ ქართველთა ერთობლივი შრომის შედეგი. ეს თანამშრომლობა აისახა კონსტიტუციაში, რომელიც საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის სამაგალითო ნიმუშია.
მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ გააძლიერა რიგითი მოქალაქე და შექმნა სახელმწიფო, რომელიც ემყარებოდა სახალხო ნებას.
სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ შეიწირა როგორც პირველი ქართული კონსტიტუცია, ასევე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.
საბჭოეთში 70 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჩვენ ვერაფრით ამოვავსეთ ამ ისტორიული წყვეტით გაჩენილი უფსკრული, ვერ შევძელით ღირებულებითი კავშირის აღდგენა პირველ რესპუბლიკასთან. თავი ვერ დავაღწიეთ მანკიერ საბჭოურ გამოცდილებას. ვერ ჩამოვაყალიბეთ ძალაუფლების დაბალანსებული სისტემა და ვერ შევქმენით კონსტიტუციური გარანტიები სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად. ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო. ხალხი განდევნილია კონსტიტუციის შექმნის პროცესიდან და შესაბამისად, გამქრალია სახალხო ინტერესიც.
დღეს საქართველოს კონსტიტუცია სრულიად განყენებული და გაუცხოებული დოკუმენტია ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა, რომ კონსტიტუაცია მათ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს. კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ჩვენთვის დამსჯელი კონოტაციის მატარებელ სიტყვებად გადაიქცა, რადგან მას, როგორც წესი, ხელისუფლებები საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებენ.
მოქალაქეს იმის რწმენაც კი არ გააჩნია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შექმნაში მონაწილეობს და რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.
მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ადგილზე თავად შეუძლია იყოს ხელისუფლება.
100 წლის წინანდელი კონსტიტუცია სავსე იყო ამ სულისკვეთებით, ჩვენ კი დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის შემდეგაც ვერ მივაღწიეთ ამას. პირიქით – ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღეთ სრული ცენტრალიზაცია; ხალხისთვის რეალური უფლებების გადაცემის ნაცვლად კი, ძალაუფლების მტკიცე ვერტიკალი შევქმენით.
შესაბამისად, ჩვენს უმთავრეს გამოწვევად მუდმივად რჩება ხელისუფლების მიტაცება-უზურპაციის მცდელობა. ეს უშლის ხელს მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებას და ეს დაუბალანსებლობა გვტოვებს დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლების პოლიგონად.
სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აღვნიშნავთ რა პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს, ერთგულებას ვუცხადებთ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ კონსტიტუციურ ღირებულებებს და ამ ტრაგიკული, ისტორიული წყვეტის შემდეგ, ვიწყებთ ფართო საზოგადოებრივ პროცესს სახელწოდებით: კონსტიტუცია 100 – ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!” – ნათქვამია მემორანდუმში.
“ჩართულობისთვის ვიწვევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს:
ერთად შევქმნათ ცოცხალი საკონსტიტუციო პროცესი!
ერთად ჩამოვაყალიბოთ ადგილებზე თვითმმართველობის რეალური მექანიზმები! ერთად გავაცოცხლოთ კონსტიტუცია და ვაქციოთ ეროვნული თანხმობის მთავარ დოკუმენტად!” – მიმართავს საზოგადოებას საინიციატივო ჯგუფი.