პარტია “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის:
“პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით და საბოლოო შეთანხმება გავაფორმეთ “ქართული ოცნების” ლიდერებთან – არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.
ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაზეც შემდეგ მოგვეცემა ეთერებში დეტალურად საუბრის საშუალება, რა პუნქტებზეა ლაპარაკი. ის, რომ ნებისმიერი “კარუსელის” პრევენცია მოხდეს, ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით იქნება და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ.
სამი კამერა იქნება, სადაც “ლაივ-სტრიმი” იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ასე რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, არამედ შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ.
და ყველაზე მთავარი, ალბათ კითხვას დამისვამთ, როგორ ვენდობით “ქართულ ოცნებას”, რა გარანტიაა, რომ არ გააყალბებს. ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ 1 თვის განმავლობაში,” – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.