სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შეფასებები

33

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი:

საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი.

2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ. უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა.

ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე.

სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები!
საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

 

დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

დღეს ძალიან სიმბოლური დღეა, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია! ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია, სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა კერძოდ, დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს, რამეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები