სამშაბათი, აპრილი 23, 2024

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა.

მთავრობის მეთაურმა გეგმის მომზადებაში უშუალოდ ჩართულ პირებთან იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის ეტაპებსა და იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან მიღწეულ შედეგებს გაფრთხილება სჭირდება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, იმისთვის, რომ ეკონომიკა თანდათან გაიხსნას და ინფიცირების მკვეთრი ზრდა თავიდან იყოს აცილებული, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთობლიობას – ტესტირების რაოდენობის ზრდის დინამიკის შენარჩუნებას, შეზღუდვების ეტაპობრივად, გონივრულად შემსუბუქებას და ვაქცინაციას. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლის ნაწილიცაა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რათა ქვეყანა ტექნიკურად მზად იყოს ვაქცინაციის დასაწყებად.

როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. გეგმის მომზადებაში ჩართული ექსპერტებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების მოთხოვნებთან, ამავდროულად, გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფები თანხვედრაშია მსოფლიო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებთან.

მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მომზადებაში ჩართულ ყველა ადამიანს, დარგის ექსპერტებს, სახალხო დამცველს და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის საჯარო გახდება.

ამასთან, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული