ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა...

“ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი” – Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება

“გვაცადეთ მუშაობა” ასე იწყება ზურაბ ჯაფარიძის დაფუძნებული პარტია “Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც პარტია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უსამართლოდ და არაადამიანურად მიიჩნევს, ხელისუფლების არასწორ ქმედებებზე საუბრობს და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს:

გვაცადეთ მუშაობა!

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გირჩი ყოველთვის წინააღმდეგი იყო იმ უსამართლო და არაადამიანური შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენი ასობით ათასი მოქალაქისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ცხოვრება და გაუთვალისწინებელი 5 მილიარდიანი ვალით დატვირთა ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადზე ცხადია, რომ შარშან გაზაფხულიდან გატარებული ვითომ ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მატარებელი და რაიმე ხელშესახები შედეგი ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით არ მოუტანია.

დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში საღი აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ გზების მორეცხვა, ბლოკ-პოსტების მოწყობა სამხედროებით, სხეულის ტემპერატურის რეგულარული ზომვა ქალაქის ქუჩებსა და რაიონებში, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრებისთვის ერთად ჯდომის აკრძალვა, სოფლებისა და რაიონების ჩაკეტვა და შემდეგ მაკარონითა და ზეთით მომარაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობის აკრძალვა და სხვ., რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის გავრცელების შეკავებასთან.

ერთადერთი, რაც ამ ყველაფერმა მოგვიტანა, ესაა დამონებული და სახლში გამოკეტილი უამრავი მოქალაქე, რომელთაც დაკარგეს სამსახურები, დაუხურეს სიმწრით ნაკოწიწები ბიზნესები, დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლები, გაეზარდათ ვალები ან ვეღარ ახერხებენ არსებული ვალების მომსახურებას, დაემსხვრათ ცხოვრების გეგმები და დაენგრათ ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისაც დღემდე არავინ ეუბნება, როდის შეიძლება დასრულდეს ეს საგიჟეთი და როდიდან შესძლებენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

მაგრამ, დღეს უკვე დე ფაქტო ხელისუფლება, რომლისთვისაც ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკურ ინსტრუმენტად ადამიანების მონურ მორჩილებაში ყოფნა იქცა, ისევ აგრძელებს შეზღუდვებს და ღია ნადირობა აქვს გამოცხადებული თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც შრომით ცდილობენ საკუთარი თავისა და ოჯახების უზრუნველყოფას.

შრომა, გართობა და სპორტული აქტივობა არ არის კრიმინალი!

და მიუხედავად ამისა, ქართული პოლიცია, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი ასეთ აქტივობებში ჩართულ ადამიანებს ექცევა ისე, როგორც ბანდიტებსა და ტერორისტებს: უვარდება ობიექტებზე, ატარებს აბსურდულ სპეცოპერაციებს, აწარმოებს უშინაარსო საგამოძიებო პროცედურებს და ნაცვლად იმისა, რომ ვინმე ამაზე ბოდიშს იხდიდეს, პირიქით, სატელევიზიო სიუჟეტებს ქმნიან, თუ როგორ ეფექტურად აღკვეთეს კრიმინალი.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა რეალურ ბანდიტებს სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული.

ჩვენთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ესმის ეკონომიკის ელემენტარული პრინციპები, ცალსახაა, რომ ასე გაგრძელება ნიშნავს ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებას, ახალი, უზარმაზარი ვალების აღებას, რომლებიც ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ, გაზრდილ გადასახადებს, გაზრდილ საბიუჯეტო დეფიციტს, ნაკლებ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო შენელებულ ეკონომიკურ განვითარებას და, საბოლოო ჯამში, სიღარიბეში კიდევ უფრო და დიდი ხნით ჩაძირვას.

და რადგან საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს გონზე მოსვლას,

ჩვენ მოვითხოვთ:

– დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას;

– დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ...

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი ძალოვან უწყებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...