პარასკევი, აპრილი 19, 2024

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, დღესასწაული საქართველოში, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 14 იანვარს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა, გერბთან და ჰიმნთან ერთად. ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან. წლების განმავლობაში აღნიშნულ კანონში ცვლილებები შევიდა, ხოლო 2018 წლის 14 ნოემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი იქნა ახალი ორგანული კანონი, რომელიც ამოქმედდა ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან, 2018 წლის 16 დეკემბერს.

 

საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

თავი II. საქართველოს სახელმწიფო დროშა

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგენილია 14 იანვარი.

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ზომები

1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოყენება აკრძალულია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია.

3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილი

1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღმართულია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე;

ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებზე;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე;

ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე;

თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე;

კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე;

ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში;

ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;

ო) მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;

ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს;

ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე;

გ) საზღვაო გემებზე, შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს.

მუხლი 7. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ან სხვა ქვეყნის დროშის აღმართვა

1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე მცირე ზომის.

მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვა

1. დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები.

 

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” სრულიად საქართველოს ულოცავს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული