“მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო” – ნიკა გვარამიას განმარტებები და გამოხმაურებები მის გამონათქვამთან დაკავშირებით

184

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გამონათქვამთან დაკავშირებით ცალკეული პიროვნებების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ პასუხობს ნიკა გვარამია და ასევე მის პირად გვერდზე გაზიარებულია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების კონკრეტული მოსაზრებები:

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული“, – არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო.
და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?

უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს ამ წამს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ? მიშა ალაჰს და ჩემი თავი მუჰამედს კი არა, ივანიშვილის მიერ დახატული მიშას და ჩემი ურთიერთმიმართება შევადარე ღმერთის და მოციქულის ურთიერთმიმართების პარადიგმას.

მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი.

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი პოზიცია დაფიქსირდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს – რელიგიური თუ უფლებადამცველი წარმომადგენლების მხრიდან. წარმოგიდენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ნიკა გვარამიას ფეისბუქის გვერდზეა გაზიარებული:

 

ტარიელ ნაკაიძე – მუსლიმი თემის წარმომადგენელი
11 იანვარს ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაც მიემართებოდა თქვა:
…ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია

აღნიშნულ კომენტარს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით და მოითხოვენ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსში არ იკვეთება რელიგიური ქვეტექსტი/ მოცემული კომენტარი ალეგორიულად აჩვენებს კონკრეტული მისიის შესრულების ფორმას და მას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ.

არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ის ერთნაირად უნდა იცავდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტს, მათ შორის მედია საშუალებებს. ჩემი აზრით, ეს კომენტარი უნდა განვიხილოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჭრილში.

საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას ამ გამოხატვასთან დაკავშირებული გამოხმაურებები იმ ცალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა, რომელთა ხმა არასდროს ამოუღიათ რელიგიური დისკრიმინაციის, დევნისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან შემთხვევებზე და არც მუსლიმი თემის ან სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოუხატავთ საჭირო დროს სოლიდარობა.

სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს პოლიტიკური მიზანი და სარჩული უფრო აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ცდილობენ რელიგიური გრძნობების გამოყენებას,” – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

ნინო ლონჯარია – საქართველოს სახალხო დამცველი
ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად, დისკრიმინაციულად შეაფასეს და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

გავეცანი მუსლიმი თემის ჩემთვის ანგარიშგასაწევი არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის სასულიერო პირების საპირისპირო პოზიციებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას, რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე.

მოვუწოდებ ყველას, სიფრთხილე გამოვიჩინოთ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

სჯობს ვისაუბროთ ამ და სხვა მრავალ გამოწვევაზე, რაც რეალურად აწუხებს თემს!” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

გიორგი მშვენიერაძე – უფლებადამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადამიანს გულწრფელად გონია, რომ ის, რაც Nika Gvaramia-მ თქვა, მუსლიმების შეურაცხყოფაა და ამას ლინგვისტურ პრობლემებს მივაწერდი. თუმცა, ამ გზააბნეული “ზოგიერთის” მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც მშვენივრად ხვდებიან, რომ არანაირ სიძულვილსა და შეურაცხყოფას ეს გამოხატვა არ შეიცავდა, მაგრამ თვალთმაქცურად და მიზანმიმართულად ცდილობენ საკითხის ისე დაყენებას, თითქოს დიდად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გაჩენას, და ეს მაშინ, როცა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ურბევდნენ მეჩეთებს, უნგრევდნენ მინარეთებს, ღორის თავებს უჭედებდნენ კარზე, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ და ამაზე მათი ხმა არავის გაუგია, რადგან ეს სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში და ხელდასმით ხდებოდა, რომელსაც თავად წარმოადგენენ ან მხარს უჭერენ.
ამავე საკითხს ამომწურავად გასცა პასუხი სამაგალითო მოქალაქე Tariel Nakaidze-მ და მეტს ვერაფერს დავამატებდი“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

რუსუდან გოცირიძე – საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
1. ხუმრობა რელიგიური გრძნობა არაა და მისი გაკრიტიკებაც შეიძ₾ება და დაგმობაც. ხუმრობა არც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა და მისი გამოყენება იოლად შეიძლება ვინმეს დასაჩაგრად, დასამცირებლად, სტიგმატიზებისა თუ მარგინალიზებისათვის.
2. რელიგიური გრძნობა ნამდვილად არსებობს ბუნებაში, მაგრამ მისი კანონის ჩარჩოებში მოქცევა, მისი კანონით დაცვა ან მისი შეურაცხყოფის აკრძალვა სრულებით წარმოუდგენელია და უფრო მეტიც, ძალიანაც არარელიგიური და მავნებლური მოწადინებაა.
3. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელის თქმის და ნებისმიერი ნათქვამის მოწონებისა თუ გაკრიტიკების უფლება და თავისუფლება.
4. ყველამ უნდა თავად უსმინოს თავის ნათქვამსა და დაუდგეს დარაჯად, რომ ვინმეს არ ავნოს, არ შეურაცხყოს, არ დაჩაგროს, არ გაინაპიროს….
და ჩემი მთავარი სათქმელი – ჩემის ღრმა რწმენით, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილს არაფერი აქვს საერთო იმ ამბავთან, რაზეც დიდი სჯა ბაასია ატეხილი ჩვენს საზოგადოებაში.
უფრო მეტიც – ჩემი ღრმადმორწმუნე მუსლიმი მეგობრები როგორც სუნიტური, ისე შიიტური ტრადიციებიდან, ამბობენ, რომ გვარამიას განცხადებაში არაფერს ხედავენ არც შეურაცხმყოფელს და არც დამამცირებელს! (ეს პირველი და მთავარი)….
და ასევე, იგივე ადამიანები გაოცებულები შესცქერიან “რელიგიურად შეურაცხყოფილი ადამიანების” გაცხარებას, რადგანაც მათი ხმა არავის გაუგონია არც ისლამოფობიის, არც დევნის, არც დისკრიმინაციის საკითხებზე,” – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

კომენტარები