სამშაბათი, აპრილი 30, 2024

მეხანძრე-მაშველები ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე განაგრძობენ ცეცხლის ქრობის სამუშაოებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრის 7 კერაზე 500 მეხანძრეი მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი დარჩენილია სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მათ შორის, ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელი აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია, ასევე, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების მიერ გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას დაფიქსირებულ ხანძრის კერების ჩასაქრობად აქტიური და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა:

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში დაემატა სამი კერა, მათ შორის ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.

სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.

იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია.

ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. ადგილზე იყო ჩასული და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი,” – აღნიშბულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 4-7 იანვრის განმავლობაში სახანძრო მაშველების მიერ ათეულობით ხანძრის კერაა ლიკვიდირებული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ხანძარი ძირითადად მინდვრებში გავრცელდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რადგანაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ხოლო მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული