ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა – სპეციალური პენიტენციალური სამსახური

26

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციალური სამსახური. უწყების განმარტებით გავრცელებული ინფორმაცია პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიცრუეა:

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს – “ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!”

ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობს მსჯავრდებულს, რომლის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ა.გ. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, 1-ლ იანვარს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, 1 იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი, კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია პენიტენციალურ დაწესებულებებში პატიმრების ტესტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ ტესტირების შედეგად ქალ პატიმრებს, covid-19 აღმოაჩნდათ, ისინი უსიმპტომოები არიან და თავს კარგად გრძნობენ:

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები