ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

კახა კალაძე ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და ბინის გასაღები პირადად გადასცა

ალუაშვილების ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.
ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა დახვდა. დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა. ოჯახის წევრებმა ნაძვის ხე დღესვე კახა კალაძესთან ერთად მორთეს. თბილისის მერმა სოციალური ქსელის მომხმარებელს, „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით, ახალმოსახლეებთან ერთად დაათვალიერებინა საცხოვრებელი სახლი.

დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს გაუხარდება. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივრობთ ამ ოჯახს. გუშინ დასრულდა ბინის კეთილმოწყობა, ავეჯის შემოტანა, დასუფთავება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო შენობების დემონტაჟის შემდეგ არცერთი ოჯახი არ დარჩენილა საცხოვრებელი სახლის გარეშე. ეს შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს მიტაცებულ მიწებზე აშენდა. ჩვენს მიდგომებზე ამ თემის მიმართ მეტს არ ვისაუბრებ. ახლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ვართ. მეც ძალიან მიხარია, ემოციებს ვერ ვმალავ. დარწმუნებული ვარ, მათაც გაუხარდებათ და კომფორტულად იგრძნობენ თავს ამ ახალ ბინაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასეთ ბინას არ ველოდით, მოლოდინს გადააჭარბა. უზომოდ გვიხარია. პირველ რიგში პატარების განათლებაზე ვიზრუნებთ და ვეცდებით ბატონი კახის იმედები გავამართლოთ. ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია დღეს გაჭირვებაში და ყველას მივმართავ, არ დანებდნენ, არ ჩაიქნიონ ხელი, იღბალი ერთ დღეს მათაც გაუღიმებთ,”- განაცხადა ალექსანდრე ალუაშვილმა.

კახა კალაძემ ბიზნესსექტორს სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც აქვს შესაძლებლობა, აკეთოს სიკეთე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, მხარდაჭერა, სიკეთის კეთება. ეს ყველაფერი არის გადამდები. რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მეტ ოჯახს დავეხმარებით. ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული