,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 3 ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა: მოლაპარაკებების შეჩერება ხელისუფლებასთან, სანქციებზე დაქვემდებარება თავად მმართველი პარტიის და სახალხო პარლამენტის შექმნა. ასევე, განაცხადა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ მალე დაემსხვრევა იმედები, რომ ქვეყანაში ყველაფერს შიშით და ფულით იყიდის:
,,ბარბარობის ულამაზესი დღე არალეგიტიმურმა რეჟიმმა მოგვილოცა 2 რამით:
- გაანთავისუფლა თავისი საარჩევნო აქტივი, ათასობით კრიმინალი ციხისგან;
- აკრძალა პოლიტიკური პარტიები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ მყარდება პუტინისტური დიქტატურა ივანიშვილის ტირანული სპეციფიკით.
ის, რაც პარლამენტის ექსთავმჯდომარემ გამოაცხადა, გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია თუ არა ადოლფ ჰიტლერის მიერ 30–იან წლებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული კანონპროექტების გადამღერება, შექმნილ ვითარებაში.
- შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში.
- სანქციებს დაექვემდებაროს არა მარტო ბიძინა ივანიშვილი – რეჟიმის მეთაური, არამედ ყველა მისი ე.წ. პარლამენტის წევრი 21 მილიონერის ჩათვლით: სანქციები, როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური.
- პოლიტიკური პარტიებისგან, პარლამენტში არ შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინირებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, როგორი ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული.
თუ ჰგონიათ, ბიძინა ივანიშვილს, მის ამფსონებს, კობახიძეებს და სხვებს, რომ ყველაფერი შეიძლება იყიდონ ამ ქვეყანაში, შიშით და ფულით, ეს იმედები ძალიან მალე საბოლოოდ ჩაემსხვრევათ.
არავინ, არცერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას შეუწყვეტენ, რეგისტრაციას გაუუქმებენ, სარეკლამო დროს წაართმევენ, არ შევა პარლამენტში, არ უღალატებს თავის ხალხს, ისტორიას, შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ, არსად არ შევალთ, სანამ არ დავამხობთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო, არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით.
ამ საკაცობრიო მარაზმმა, რომელიც ღორეშადან რამდენიმე კილომეტრში, ჭორვილაში იშვა ქართველი ერის საუბედუროდ, ძალიან მალე უნდა დაამთავროს პოლიტიკური არსებობა“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


