“ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი ჩავატაროთ მოკრძალებულად, ნუ გამართავთ დიდ თავშეყრას, ხალხმრავალ დღესასწაულებს” – ამირან გამყრელიძე

178

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მან ისაუბრა შეღუდვების შემდეგ მიღებულ სტაბილურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვინაიდან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან:

ჩვენს ქვეყანაში შემზღუდველი ღონისძიებების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილურია პანდემიის გავრცელების მხრივ, დღეს გვაქვს 3487 ახალი შემთხვევა. ბოლო დღეების განმავლობაში ვმერყეობთ 3 ათასიდან 4 ათასის ფარგლებში, ხოლო დადებითობის კოეფიციენტი ჩამოსულია 19%-ზე.

გასული დღეღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობიდან თბილისში – დაფიქსირებულია 1477, იმერეთში – 533, აჭარაში – 280.

შეზღუდვების ფონზე გვაქვს ახალ შემთხვევათა რიცხვის სტაბილიზაცია და ოდნავი კლების დინამიკა, ეს დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგანაც შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი ჩავატაროთ მოკრძალებულად, ნუ გამართავთ დიდ თავშეყრას, ხალხმრავალ დღესასწაულებს. წელს ვიყოთ საკმაოდ მოკრძალებულად, იმიტომ რომ საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიოში არის პანდემია, ჩვენთან კი სერიოზული ეპიდემია.

ჩვენთან მუშაობს ჯგუფი და შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრას, სერვისების მიწოდების და შეფასდა, ქვეყანაში “ცივი ჯაჭვის” სისტემა – რა გვაქვს.

ქვეყანას აქვს 2-დან 8 გრადუსამდე “ცივი ჯაჭვის” სისტემა და არაფრის დამატება არ არის საჭირო და შესაძლებელია “ასტრაზენეკას” და ისეთი ვაქცინების გამოყენება, რომლებსაც დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება.

“მოდერნას” ვაქცინას სჭირდება -20 გრადუსამდე ტემპერატურა – მუნიციპალიტეტებში არის შესაბამისი სამაცივრე დანადგარები და შესაძლებელია ამ ვაქცინის დანერგვა.

“ფაიზერის” ვაქცინას სჭირდება -80-დან -70 გრადუსამდე ტემპერატურა – ქვეყანაში 40-მდე მაცივარია, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ტესტსისტემებით. რამდენიმე მაცივრის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს და რამდენიმეს ყიდვა იგეგმება.

ამ ორ ვაქცინაზე, რომელზეც საჭიროა -20 და -70 გრადუსი, საჭირო იქნება ადამიანების გადამზადება. ასევე, ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იყოს ბაზაში, როცა ერთ თვეში 200 ათასი ადამიანი უნდა აცრა, ამას კამპანია დასჭირდება და ეს არ იქნება რუტინული ვაქცინაციის მსგავსი, გეგმის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები