კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! – თეა წულუკიანი

335

11 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების, პარალელური დათვლის დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ადრე, 1 ნოემბერს, გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გარკვეულ ცდომილებაზეა საუბარი:

“შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე”, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

განახლებული შედეგების მიხედვით, ISFED-ის მიერ 11 დეკემბერსა და 1 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების პროცენტული ცვლილების შედარება შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება – 47,6%, ნაცვლად 45.8%

ნაციონალური მოძრაობა – 27,4% – 26.4%

ევროპული საქართველო – 3,8% – 3.7%

პატრიოტთა ალიანსი – 3,2% – 3.1%

ლელო – 3,2% – 3.1%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3,1% – 3%

გირჩი – 3% – 2.8%

მოქალაქეები -1.3% – 1,3%

ლეიბორისტული პარტია – 1% – 1%

ერთიანი საქართველო – 0.9%- 0,9%

ISFED-ის მიერ განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე განმარტებებს აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გუშინ გამოქვეყნებული ჩასწორებული მონაცემები, რაც არ უნდა მძიმე იყოს აღიარებისთვის, არის რეალური:

ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.

ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა. 

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ.  ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს ელენე ნიჟარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ელენე ნიჟარაძის პოსტს ეხმიანება პარლამენტის წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი და ორგანიზაციას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს:

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ  სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა წულუკიანი.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები