ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და პარლამენტში არშესვლისკენ მოუწოდებს. მისი აზრით პარლამენტში ოპოზიციის შესვლით ლეგიტიმაცია გაუკეთდება გაყალბებულ არჩევნებს:
“ძვირფასო ოპოზიციონერებო: პარლამენტში არშესვლა ნამდვილად არის ის ნაბიჯი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილის რეჟიმს. აბა თუ მიხვდებით, რატომ იკლავს თავს ქოცნება რომ შეგიყვანოთ? დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია გაუკეთოს გაყალბებულ არჩევნებს და კიდევ რამდენიმე წლით დაიკანონოს ივანიშვილმა უკიდეგანო ძალაუფლება, რომლითაც ანგრევს სახელმწიფოს. ეს ძალიან მარტივი და ცხადია.
ამიტომაც, თუ რომელიმე გადაწყვეტთ თავი დაადოთ და შეხვიდეთ, თუ შეიძლება ნუ დაიწყებთ პოლიტ–ფილოსოფიურ წიაღსვლებს და ახსნას, როგორი აუცილებელი იყო თქვენი პარლამენტში შესვლა ქვეყნისთვის. უბრალოდ თქვით, რომ ფული გჭირდებათ, დასაქმება გჭირდებათ, აბა რა გექნათ, ამხელა ფულზე უარი როგორ უნდა გეთქვათ და ა.შ. ვიღაცამ იქნებ ადამიანურად გაგიგოთ და შეეცოდოთ(მე არ ვიქნები ეს ვიღაც) ოღონდ თქვენი პირიდან პოლიტიკაზე ლაპარაკი აღარ გავიგო, ეყარეთ იმ სკამებზე ჩუმად, სანამ ხალხი ქოცებთან ერთად გამოგიტანთ იქიდან,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.