პარასკევი, აპრილი 26, 2024

ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამომავლო გეგმები – პოზიციები, მოსაზრებები, შეფასებები…

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის  დაპირისპირების ახალ მიზეზად იქცა. ქვეყანაში, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, შექმნილი რთული მდგომარეობა, ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ და მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნების მეორე ტურში. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს „გაყალბებულს“ უწოდებენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ხელისუფლების განცხადებით, კი არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა. მმართველი გუნდი არ განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა მათ მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და ამ ეტაპზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ყველა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკების მე-3 რაუნდის მოლოდინშია.

 

ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებები.

ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ რის გამოც, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ, ესენია: 1) საარჩევნო ოქმებში არსებული დისბალანსი, მაგ: ოქმში ეწერა, რომ 795 ამომრჩეველი მივიდა უბანზე, თუმცა ფიქსირდება, რომ 3050  ადამიანმა მისცა ხმა ამ უბანზე; 2) არჩევნების პერიოდში  ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტები; 3) ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებსა და რეალურ შედეგებს შორის, რისი კონკრეტული მაგალითებიც წარმოდგენილი იყო. რიგ შეუსაბამოებებთან ერთად, გამოითქვა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა დაახლოებით 4.1%-ანი ცდომილებაც ყოფილიყო ცესკოს მონაცემებსა და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ, პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

ჩვენ გვაქვს მკაფიო მოთხოვნები და ეს მკაფიო მოთხოვნები გულისხმობს ახალ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ არსებითი არის ის, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებს არ იღებს საზოგადოება  და პოლიტიკური ოპოზიცია… თუ მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებს შორის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 24 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრის შემდეგ, ლევან იოსელიანმა, პარტია „მოქალაქეების“  წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომის დღესთან დაკავშირებით აქციას გეგმავს.

თუ არაფერი შეიცვლება და მოლაპარაკებები წარუმატებელად დასრულდება, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების დღეს იქნება ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – აცხადებს ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ბოიკოტი მათი თვითმიზანი არაა, თუმცა     თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააბიჯებენ.  „ასეთ ვითარებაში გამორიცხულია, ოპოზიციამ პარლამენტში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე- არ დაინიშნება  რიგგარეშე არჩევნები… მეორე ალტერნატივაა ჩრდილოეთ კორეის პარლამენტი, სადაც „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება“ გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“წევრი.     

    ხელისუფლების განცხადებით საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში  ჩატარდა, ამიტომაც ოპოზიციას პარლამენტში  შესვლისა და     არჩევნებთან დაკავშირებით კითხვების ქონის შემთხვევაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიები შექმნისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ აცხადებდა, რომ  ოპოზიციის უარი მეორე ტურში მონაწილეობაზე  არჩევნებამდე კაპიტულაციას ნიშნავდა.

 „მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან  იმთავითვე“- განცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მმართველ გუნდში  ოპოზციის ერთსულოვანი პოზიციისა და ბოიკოტის მიუხედავად მაინც სჯერათ, რომ საერთაშორისო  პარტნიორების ზეწოლის შედეგად ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ განიხილავს  ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა ვადამდელი არჩევნებისა… ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია“, აღნიშნა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პარტიის  წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ექსპერტები და პოლიტოლოგები აცხადებენ, ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლა საზიანო,  როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის ისე ხელისუფლებისთვის. მათი თქმით, ამ შემთხვევაში  ხელისუფლებას გაუჭირდება დემოკრატიული ხელისუფლების სტატუსის შენარჩუნება. ასევე აღნიშნავენ, რომ ოპოზიციას დასჭირდება ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა, რათა დააკომპენსიროს საპარლამენტო ტრიბუნის დანაკლისი.

ხელისუფლებას გაუჭირდება დემოკრატიული ხელისუფლების  რეპუტაციის შენარჩუნება, მაგრამ ოპოზიციისთვისაც წამგებიანია ეს პოზიცია, მას არ იქნება ინსტიტუციური პლატფორმა.. ოპოზიციაც დგას ერთგვარი მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე“, – განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ნოდია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

უცხოელი ელჩების  ფასილიტაციით, ხელისუფლებასა და  ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს  თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი,  ქვეყნის სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება  და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, „მისი წევრები აღიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქარველოს მოქალაქეებმა დააკისრეს“.

 

რა მოხდება თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა? 

ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ამით მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრიბუნას დაკარგავს და მარგინალიზაციის საფრთხეც დაემუქრება. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ლეგიტიმაციის ჭრილში, ოპოზიციის ბოიკოტი ხელს ვერც პარლამენტის მუშაობას შეუშლის და ვერც „ქართულ ოცნებას“, თუნდაც სულ მარტომ იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოში. ერთადერთი, პრობლემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, რადგან ამ დროს 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო“,  მისი თქმით ოპოზიცია რეალურ შედეგს მაშინ მიაღწევს, თუ ქუჩის აქციებთან ერთად სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. ამის მაგალითად 2003 წლის მოვლენებიც მოჰყავს.

ხელისუფლების  წარმომადგენლები კი, აცხადებენ რომ შესაძლოა კანონმდებლობაში ცვლილება განხორციელდეს და იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან დაფინანსება შეუწყდეთ. ეს განცხადება კი, ოპოზიციაში მუქარად აღიქვეს.

ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ანუ ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტია უდიერად ეპყრობა  საკუთარი  ამომრჩევლის ნებას და უარს  ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას უარი უნდა ეთქვას, რა თქმა უნდა,  სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება, ბუნებრივია, ძალიან ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ მსჯელობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექსპერტები იმაზეც თანხმდებიან, რომ თუ ოპოზიცია პარლამეტში არ შევა, მართალია, ამით პარლამენტის საქმიანობა პრაქტიკულად არ შეფერხდება, თუმცა იგი ფუნდამენტურ მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან საკანონმდებლო ორგანო ადგილია, სადაც  პოლიტიკურ ძალებს შორის მუდმივად დებატები და განხილვა მიმდინარეობს.

 

რა შემთხვევში არის შესაძლებელი ვადამდელი არჩევენების ჩატარება?

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვადამდელი არჩევნების ორი ტიპი არსებობს: ხელახალი და რიგგარეშე.  ხელახალი არჩევნების ტარდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არშემდგარად გამოცხადა, რაც გულისხმობს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში შედეგების ბათილად ცნობას, ან საარჩევნო ბარიერის ვერც ერთმა პარტიამ  ვერ გადალახა. რიგგარეშე არჩევნები კი, ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს, ან საჯარო ხელისუფლების პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.

ლევან ალაფიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს რომ: ვინაიდან ცესკომ შედეგები უკვე შეაჯამა ხელახალი არჩევნების დანიშვნა შეუძლებელია და რჩება მხოლოდ რიგგარეშე  არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისის გამო, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიონ. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ მოლაპარაკებებისა, არცერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას. ხელისუფლება უარს ამბობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ოპოზიცია კი, ბოიკოტის რეჟიმზე რჩება და აქციების გაგრძელებას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის პროტესტი ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში არსებულმა  დისბალანსმა. მსგავსმა ხარვეზებმა, კი კიდევ ერთხელ დააყენა ერთი მხრივ, ცესკოში მომუშავე პირების კვალიფიკაციის საკითხი, მეორე მხრივ კი, საარჩევნო სისიტემაში არსებული პრობლემები. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და მანდატებსაც დატოვებს, ეს პარლამენტს ფუნდამენტურ არსს დააკარგვინებს.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული