ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. უფლებადამცველების თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სახით. პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს ბრალდებულების ადვოკატებმა, გიორგი მახარაძემ და ედუარდ მარიკაშვილმა:

აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა და პატიმრობა დარჩა ძალაში. ჩვენ გვაქვს 48 საათი იმისთვის, რომ გავასაჩივროდ აღნიშნული გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის მხარეს ახალი არაფერი წარმოგვიდგენია, რაც ახალ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო, ეს კი არის ტყუილი და სიცრუე. ამ შემთხვევაში, მოსამართლე ან ჩვენ არ გვისმენდა ან თვითონ ტყუის შეგნებულად სასამართლო. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ თურმე, ადრე, ბრალდებულებს, გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც ასევე არის წარმოუდგნელი სიცრუე“, – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

ამ საქმის სპეციფიკიდან და მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღო სასამართლომ და დატოვა ადამიანები პატიმრობაში, სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა. როგორც ჩანს, მოსამართლეს ეს გამბედაობა არ აღმოაჩნდა და ეს მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო და ძალიან მცირე, იმიტომ რომ ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას,” – კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით, დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული