ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიადგეს – გიორგი გახარია

248

ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვების შემოღების თაობაზე, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობის არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში ეკონომიკასთან ერთად ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ეს პოლიტიკა და სტრატეგია გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ორთვიანი კონკრეტული გეგმა დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1-ელ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს ამასტან კონკრეტული დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება.

 

რეგულაციები:

დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ერთ კვირაზე მეტია, ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე. სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით ფაქტობრივად საუკეთესო ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ.

ჩვენი მიზანია, შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიადგეს.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია –  თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ,  სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება.

მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება. ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების  მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც.

ამ გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დახმარებები:

,,რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, სადაც დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარი ერთჯერადად. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი.

ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება. გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც პირველი ტალღის დროს ძალიან კარგად იმუშავა – ფორმალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯამურად 1 200 ლარის გაცემა 6 თვის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან თავიდან დაიწყება და დამატებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

მსგავსი კრიზისების პირობებში, რომელიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულთა ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირთა შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამ პროგრამას ვაახლებთ და 65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი.

0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ 100 ლარის ოდენობის დახმარებას. 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

ბიზნესის დახმარებისთვის განკუთვნილი ნაბიჯები:

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის ეს გახლდათ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასების მქონე მათი თანამშრომლებისთვის 750 ლარზე, როდესაც ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი გაუქმდება, ისინი სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში 2020 წლის განმავლობაში 4 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი გადავადებული იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი სრულად ჩამოეწერება.

მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორთან ერთად დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესი არის უკიდურესად დაზარალებული, ამიტომ სასტუმროების დახმარების ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, რესტორნების ბიზნესზეც გავრცელდება. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს. ეს მე-4 ფაზის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების კუთხით, მთლიანობაში სახელმწიფოს დაუჯდება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია დღეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები