ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას ბოიკოტის თაობაზე და მიაჩნია, რომ პარლამენტის მანდატზე უარის თქმა წარუმატებლობის საწინდარი იქნება. მისი განცხადებით, საპარლამენტო ტრიბუნა 2021 წლის თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად უნდა იქნეს გამოყენებული:

,,დღეს მოლაპარაკებების განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყვეტილების კონტექსტი გვავიწყდება – ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი, არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ.

რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.

“ქართული ოცნება” დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით – მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს.

მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს.

არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის, არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპტიციზმს ვიზიარებ “ქართული ოცნების” მიერ დანაპირების შესრულებაზე, ასევე, უპერსპქტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმელად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, იმისთვის რომ დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას.“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე სამადაშვილი.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული