პარასკევი, აპრილი 19, 2024

“თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი” – ვლადიმერ ბორცვაძe

სპეციალური ბრიფინგი გამართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და საზოგადოებას ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლების აყვანაში დამნაშავე პირის, ამჟამად ძებნაში მყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

კიდევ ერთხელ გვინდა ყველას მივმართოთ, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს,” – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ასევე განუმარტა მიზეზები, თუ რატომ შეიკავა თავი სამინისტრომ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან:

ჩვენ, ამ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან, მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი, გამოძიების პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში, გარკვეულწილად, ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი, თავდასხმის შემდგომ, იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ, ამ ფოტოების საჯაროდ, მედიის საშუალებებით გავრცელება იქნებოდა კიდევ ერთი მესიჯი მისთვის, რომ უფრო მეტად ლატენტური გამხდარიყო და უფრო მეტად გართულებულიყო მისი დაძებნა. შესაბამისად, ჩვენ მედიასაშუალებებს მოვუწოდეთ გუშინ, რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, ვინაიდან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელია მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედიასაშუალებებამდე.

სამწუხაროდ, გარკვეული მედიის წარმომადგენლებმა ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მაიქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, გაავრცელეს თავდასხმაში მონაწილე ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის ეჭვმიტანილი პირის მონაცემები, რაც გარკვეულწილად საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება და ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისე საპოლიციო ღონისძიებებს“, – აღნიშნავს ვლადიმერ ბორცვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული