პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია” – ნათია მეზვრიშვილი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა პანდემიის პირობებში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე:

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის საქართველოშიც და ეს ზრდა კვლავ მოსალოდნელია, დღეს ახალი 1872 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულის მიუხედავად ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, ვანხორციელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას, წერტილოვანი ლოკალური შეზღუდვებით, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი, ასევე მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, პოსტ-კრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი, ამ მხრივ ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას.

გასულ კვირას გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ დამსაქმებლებთან, ასოციაციებთან, სადაც როგორც საშუალო, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრებზე ერთხმად აღინიშნა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას რათა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის საშუალებით.

ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მკაცრი რეკომენდაცია გავეცით სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მითითება ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე.

წესების დაცვა პირდაპირ არის დაკავშირებული ვირუსის შენელებასთან, ამაზე საუბრობენ ხშირად ექიმები და ეპიდემიოლოგები, თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი წესების დაცვა  მაქსიმალურად შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ.

წინ გვაქვს მნიშვნელოვანი არჩევნები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და განსაზღვრული ყველა წესის დაცვით, ეს ეხება როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლების უსაფრთოებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული