სამშაბათი, აპრილი 16, 2024

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა და კრიმინოგენული მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რეგისტრირებული დანაშაულის იანვრის თვის შედეგები. ეს მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში დანაშაულის ზრდის ტენდენციას.

როგორც სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა, პირველ საანგარიშო თვეშიც სახეზე გვაქვს დანაშაულის მაჩვენებლის საგრძნობი მატება. კერძოდ, დანაშაულის საერთო რაოდენობამ 30,9%-ით მოიმატა გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით, ამასთან იკლო გახსნის მაჩვენებელმა. მიმდინარე წლის იანვრის თვეში გაიხსნა ჩადენილი დანაშაულის 20,82% (გასული წლის იანვარში – 29,52%).

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, გაზრდილია ცალკეული სახეობის დანაშაულების მაჩვენებლები, რომელთაგან გამოვყოფთ:

  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +292 (37.68%);
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +124 (91.18%);
  • ისევ გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის იანვარში ასეთი დანაშაულის 94 ფაქტი დარეგისტრირდა, მიმდინარე წელს კი – 181, მატებაა 92.55%-ით;
  • ისევ პრობლემად რჩება და ზრდაა დანაშაულში საკუთრების წინააღმდეგ +672 (37.75%);
  • სერიოზული მატებაა კომპიუტერული დანაშაულის მხრივ შარშან იანვარში დაფიქსირდა 48 ფაქტი, წელს – 146, შესაბამისად დანაშაულმა 204.17%-ით მოიმატა;
  • ასევე საგრძნობი მატებაა სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების წესებესების დარღვევის მხრივ და 218%-ით გაიზარდა ამ სახის დანაშაული;
  •  49.34%-ით მოიმატა ნარკოტიკულმა დანაშაულმაც, არადა შარშან, წლის ბოლოსთვის, ამ სახის დანაშაულის კლება დაფიქსირდა;
  • ცალკე უნდა აღინიშნოს იანვრის თვეში ჩადენილი სამოხელეო დანაშაული – ქრთამის აღება. ამ სახის დანაშაულმა 400%-ით მოიმატა (შარშან 2 ფაქტი, წელს – 10), ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები გასული წლის იანვართან შედარებით, მიმდინარე წელს 700%-ით გაიზარდა (შარშან 1 ფაქტი, წელს – 8).

უნდა აღინიშნოს, რომ იანვრის მონაცემებით საგრძნობლად შემცირდა შემდეგი სახის დანაშაულები, როგორიცაა – განზრახ მკვლელობა (60%-ით); ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დანაშაული (46.88%-ით); ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა (75%-ით); ტერორიზმი (80%-ით);  ხულიგნობა (73.33%-ით); სამსახურეობრივი სიყალბე (50%-ით).

რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, ცალკეულ სახეობასთან მიმართებაში საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებლებია, კერძოდ:

  • წელს, იანვრის თვეში რეგისტრირებული კომპიუტერული დანაშაულის 146 ფაქტიდან, მხოლოდ 1 გაიხსნა, ანუ გახსნის მაჩვენებელია 0.68%;
  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი 24 ფაქტიდან გაიხსნა 4 (16.67%);
  • იანვრის თვეში ბინაში შეღწევით ქურდობის მუხლით დაწყებული 207  ფაქტიდან მხოლოდ 12 გაიხსნა ანუ 5.8% (შარშან იანვარში გახსნის მაჩვენენელი იყო – 7.82%);
  • მიმდინარე წლის იანვარში რეგისტრირებული თაღლითობის 108 დანაშაულიდან გაიხსნა მხოლოდ 9, რაც შეადგენს 8.33%-ს. შარშან იანვარში ეს მაჩვენებელი შეადგენდა – 15.46%-ს;
  • ნივთის დაზიანების 232 ფაქტიდან გაიხსნა 13 – 5.6%. შარშან გახსნის მაჩვენებელი იყო 11.97% (აღსანიშნავია, რომ ამ სახის დანაშაულმაც მოიმატა 98.29%-ით);
  • სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 8 ფაქტიდან არცერთი გახსნილა.

 

აქვე მოვიყვანთ რამდენიმე საყურადღებო მონაცემს 2018 წლის საბოლოო სტატისტიკური ანგარიშიდან:

დანაშაულის საერთო რაოდენობა 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 20468-ით (53.94%-ით). გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის საერთო რაოდენობის 34.64% გაიხსნა;

შარშან განზრახ მკვლელობის მცდელობის დანაშაული გაიზარდა 127.78%;

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ გაიზარდა 96.73%-ით;

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ გაიზარდა 223.67%-ით, მათ შორის, მუქარა – გაიზარდა 270%-ით;

ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვა, დანაშაული გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა 199.22%-ით;

ასევე აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების 1663 ფაქტი დაფიქსირდა 2018 წლის განმავლობაში, 2017 წელს – კი 665, შესაბამისად, გაიზარდა 150%-ით.

როგორც კრიმინოგენული სტატისტიკის სფეროს ექსპერტები განმარტავენ, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება ადრეც იწყებოდა რიგ ფაქტებზე, როდესაც ადამიანის გარდაცვალებასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად ასეთი ფაქტები უპირობოდ არც მაშინ ითვლებოდა დანაშაულის შემცველად, თუმცა თვითონ გარდაცვალების ასეთი მომრავლებული ფაქტები ცალკე მსჯელობის საგანია. შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ასევე აღნიშნული იყო, რომ წინა წლებისგან განსხვავებით 2018 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობა და გაიზარდა ნდობა პოლიციის მიმართ.

ცნობისთვის: 2005 წლის მაისში მიღებული სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შესაბამისად წინასწარი გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო ნებისმიერ ფაქტზე, რომელზეც ოპერატიული ინფორმაცია შევიდოდა შსს-ში, მათ შორის დაზარალებულის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე ან დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თუნდაც მედია სივრცეში გაჟღერების შემდეგ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული