ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კალაძე კორპუმპირებული მერის სტატუსთან ერთად, დღეიდან ისტორიაში შევიდა, როგორც  მოძალადე მერი – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ეხმაურება დედაქალაქის მერის კახა კალაძისა და მერიის წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერებზე ძალადობის ფაქტებს და მათ სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს. ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების უკანონო ჩარევა, დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების  დარღვევა, რაც დანაშაულია.
“სტრატეგია აღმაშენებელი“  ხელისუფლების მხრიდან გამოწერილ ჯარიმებსა და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გასაჩივრებს და როგორც ჩიხლაძე ამბობს, შესაბამის ზომებს მიიღებს, რა თქმა უნდა, თავისუფალი სასამართლო და არა ივანიშვილის, მურუსიძისა და კალაძის სასამართლო კლანი.

გუშინ, თბილისის მერის, ბატონი კალაძის მხრიდან, კიდევ ერთხელ გავხდით ძალადობის ფაქტის მომსწრე. ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება პირველი შემთხვევა არ არის. უკვე დიდი ხანია, რაც პირადად ბატონი კალაძე და თბილისის მერია ხელს გვიშლის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში. თუ ეს დღემდე შემოიფარგლებოდა დაჯარიმებით და ხელოვნური ბარიერების შექმნით, გუშინ ბატონი კალაძე და მისი ქვეშევრდომები პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ. არ დაინდეს 19-20 წლის გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები პირდაპირ ასფალტზე ახოხიალეს, ასევე დააკავეს ჩვენი პარტიის გენერალური მდივანიც. ძალიან ბევრი სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.

მაინცდამაინც გუშინ რატომ იძალადა მან ახალგაზრდებზე? ვეკითხები დედაქალაქის მერს! ისინი არღვევდნენ წესრიგს ან ვინმეზე ძალადობდნენ? თუმცა პასუხი ნათელია, მათი ეს ძალადობა აიხსნება მარტივი მიზეზით, ხელი შეეშალათ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ ეძალადათ ჩვენს მხარდამჭერებზე. ჩვენი ახალგაზრდა მხარდამჭერები იდგნენ გადასატან საიმიჯო ბანერთან, გზა ჩახერგილი არ იყო სავალ ნაწილზე და ხდებოდა მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. კერძოდ, მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ვაცნობდით ჩვენი პარტიის ინიციატივებსა და ასევე ინფორმაციას, პენსიონრებს როგორ არ დააწვეთ მძიმე ტვირთად სესხები, როგორ მოხდეს საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერა, პროცენტის განახევრება პენსიონრებისთვის, შშმ პირებისთვის, რაც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ შეგვაქვს ინიციატივა, თუ როგორ დავწიოთ სესხებზე პროცენტი, როგორ გავატაროთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საბანკო რეგულაციები ეროვნულ ბანკთან, ეს ცხადია პირდაპირ ურტყამს მათ ჯიბეს და ასეთი გავეშებული სახე გვანახა გუშინ ბატონმა კალაძემ, რომელიც ისტორიაშიც შევიდა, როგორც ამ ქალაქის ყველაზე კორუმპირებული მერი. დღეიდან ის უკვე ისტორიაში შევა როგორც მოძალადე მერი და მოძალადეები კანონით როგორ ისჯებიან ეს ძალიან კარგად ვიცით.

აღსანიშნავია, რომ მერიის წარმომადგენლებმა პირდაპირ დაუწერეს ჯარიმები “სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის წარმოების პროცესში, რაც იყო შეკრების და მანიფესტაციების უფლებადარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულია. დღეს ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეუბნებიან, რომ ანალოგიური ქმედებები არ შეიძლება. თუმცა ამ ფონზე, ბატონმა კალაძემ, კიდევ უფრო აღვირახსინილი ძალადობა ჩაიდინა.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მას ვპირდებით, რომ არ შევწყვეტთ წინასაარჩევნო კამპანიას, გავაგრძელებთ, დღესაც გავშლით კარვებს და ხელმოწერებს შევაგროვებთ. არც კი იფიქროთ, რომ ჩვენს რომელიმე თანამებრძლს, გულანთებულ გოგო-ბიჭებს, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროთ, თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით არიან ჩართულები, წინასაარჩევნო კამპანიაში, მათ წინააღმდეგ იძალადოთ. ერთი თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს, თორემ არ შეგრჩებათ.

ყველა მასალა გადაგზავნილია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ხვალ გვექნება მათთან ონლაინ ჩართვები, მათ შორის NDI-სთან და დეტალებს გავივლით. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შესაბამისი დასკვნაც კი დადო, რომ საერთოდ მსგავსი ხელმოწერების შეგროვებაზე დაჯარიმება და ხელის შეშლა არის შეკრების და გამოხატვის  თავისუფლების დარღვევა და ეს მათი მხრიდან არის დანაშაული.

ყველა ჯარიმას და უკანონო ქმედებას ყველა ინსტანციაში გავაპროტესტებთ და რა თქმა უნდა თავისუფალი სასამართლო და არა ივანიშვილის, მურუსიძის და კალაძის სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული