ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსულ კარტოფილში ჯანმრთელობისთვის მავნე ორგანიზმის არსებობა დადასტურდა:
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.
საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გვერდზე.