პარასკევი, აპრილი 19, 2024

სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს დიალოგის სწრაფად აღდგენის და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.

მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ, ამასთანავე, მთელი ქართული საზოგადოების სახელით, გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოჰყვა კონფლიქტს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიმართა და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე აღნიშნა, რომ თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.

მინდა მივმართო ჩვენი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და ხელისუფლებას, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა მივმართო მათ დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. 

მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო – ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ.

თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. 

ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული