საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბრობს, რომ საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეული შემთხვევები, არ შეესაბამება ეთიკის კოდექსის იმ სტანდარტებს, რომელზეც პოლიტიკური პარტიები, ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ:
„გავრცელდა ინფორმაცია, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ კანდიდატს, ამომრჩეველთან შეხვედრისას, ქვები დაუშინეს. ეს, ცალსახად არ ჯდება ეთიკის კოდექსის იმ სტანდარტებში, რომელზეც პოლიტიკური პარტიები, ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, თავად პარტიებმა, საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისაგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, – წერს თამარ ჟვანია.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინა ბოკუჩავამ, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარ ინცინეტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, რადგან მომდარი ფაქტის გარემობა განპირობებული იყო საოლქო-საარჩევნო კომისიის მხრიდან მასალების არ გაცნობით ოპოზიციური პარტიის წარმომადგელებზე.
ამ თემასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება განცხადება, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას ეხება:
„აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი და ამ მიზნით ნებისმიერი პირის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გასცდება საკუთარ მანდატს და ასეთი განცხადებების ავტორებს არ მიეცემათ პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. უფრო მეტიც, დამკვირვებელი უფლებამოსილია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.