შაბათი, აპრილი 20, 2024

ხელისუფლების არასტაბილური გადაწყვეტილებები და არათანმიმდევრული პოლიტიკა კერძო სექტორისთვის დამანგრეველია – ვასილ ურუშაძე

ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯია“-ს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სფეროს ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად ჩატარდა დისკუსია/მსჯელობა, საავიაციო სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ თემაზე, სააგენტო “პარალელის” ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავჯდომარე ვასილ ურუშაძესთან:

  • საავიაციო სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, როგორ შეიძლება გადაწყდეს აღნიშნული პრობლემა საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ შეიძლება მოიქცნენ ავიაკომპანიები სამომავლოდ?

რაც შეეხება საქართველოს ავიაციის სექტორს, ავიაციის ბაზას და მის კავშირს საქართველოს ეკონომიკასთან – სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, ავიაციის სექტორის წილი ქართულ ეკონომიკაში არის მინიმალური, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ეჭირა საქართველოს  ეკონომიკის ბაზარზე ტურიზმის სექტორს, რომელიც დაკავშირებულია ავიაციის სექტორთან, ანუ ტურიზმის სექტორზე უარყოფითი გავლენა, ფრენების შემცირებისა და შეზღუდვის ნაწილში, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა უშუალოდ ავიაციის წილი, მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს იმიტომ, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიების და ქართული ავიაციის ინდუსტრიის წილი ჩვენს ეკონომიკაში მინიმალურია, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ იმყოფება ეკონომიკური განვითრების დაბალ დონეზე, ავიაცია და ტრანსპორტი კი არის ის სექტორი, რომელიც ძირითად შემთხვევაში ქმნის ძლიერ ეკონომიკურ საფუძველს ქვეყანაში. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა მიიჩნევდეს სწორედ ავიაციის და ტრანსპორტის სექტორს და ჩვენ ერთგვარი ჰაბის ფუნქციას ვასრულებდეთ ჩვენს რეგიონში, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითრების ერთ-ერთი მნიშნელოვანი საფუძველი იქნება. კოვიდ19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული ვითარება მსოფლიოში, ერთგვარი შესაძლებლობა შეიძლება იყოს საქართველოსთვის, იმიტომ რომ მეტნაკლებად ბოლო 30 წელია, მსოფლიოს მასშტაბით, ავიაციის სექტორი და ტრანსპორტის სექტორი, არის გადანაწილებული. ჩამოყალიბდნენ ლიდერი სახელმწიფოები, ლიდერი ავიაკომპანიები, რომლებიც მეტნაკლებად აკონტროლებდნენ ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, მსოფლიო ავიაციის ბაზარს, აღნიშნულმა ვითარებამ ყველა ავიაკომპანია, მიუხედავად მისი მასშტაბებისა, წარსულისა და გამოცდილებისა მაინც დააყენა თანაბარ პირობებში, ანუ ფაქტიურად მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავლახავთ კოვიდ19-ის პანდემიის გამოწვევებს, ყველა ავიაკომპანიას მეტნაკლებად მოუწევს თანაბარ პირობებში სტარტის აღება, რაც არის საქართველოსთვის დამატებითი  შესაძლებლობა, თუ დღეს უკვე ჩვენი სახელმწიფო მოემზადება ამ სტარტისთვის, რომელიც დიდი ალბათობით 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.  ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ  შევიდეთ მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე ავიაციის სექტორში, საქართველოს საავიაციო სექტორი გახდეს მსოფლიოს საავიაციო სექტორის ნაწილი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში, რაც იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები, მოვიზიდოთ დამატებითი რესურსი და განვავითაროთ როგორც ავიაციის სექტორი, ასევე სხვადასხვა მიმართულებები, რაც თავისთავად მომავალში იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოხდეს.

  • წლის დასაწყისში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნებოდა საზღვრები ავიაკომპანიებისთვის, როგორ ფიქრობთ, იმ დროს არ იყო გათვლილი ის ეპიდემიოლოგიური საფრთხეები რაზეც დღეს საუბრობს ხელისუფლება?

სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიანი მოქმედების შესაძლებლობა, მუდმივ რეჟიმში ჩვენ დღესაც და შეიძლება ათი წლის წინაც, ვართ ამ სწრაფი რეაგირების მოკლევადიან ნაბიჯებზე, არსებულ ვითარებას ვპასუხობთ და სამწუხაროდ ეს ნაბიჯები, რაც უფრო დრო გადის, მცირდება. თუ ადრე ერთწლიანი ან ექვსთვიანი იყო გათვლები და მოქმედებები, დღეს ის ერთ თვემდე არის  შემცირებული. ხელისუფლებამ არ იცის რა იქნება ერთ თვის შემდეგ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის მყარი, შეიძლება ერთ თვის შემდეგ ის გადაწყვეტილება იყოს შეცვლილი, უარყოფილი ან  რაიმე მიმართლებით კორექტირებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახდინოთ ქვეყნის განვითარება. ამის ნათელი მაგალითი არათანმიმდევრული პოლიტიკაა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ხელისუფლებას კერძო სექტორთან მიმართებაში აქვს. ანუ არის კონკრეტული მოცემულობა, რაც არ უნდა ცუდი იყოს ის, ხელისუფლება არის იმიტომ, რომ ეს მოცემულობა აღიქვას ადეკვატურად და დასახოს გრძელვადიანი გეგმა.

მესმის, რომ არსებობს მოცემულობები რომელიც  ხელს გვიშლის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესში, თუმცა ეს მოცემულობაა და ამას ვერასდროს ვერ შევცვლით, სანამ გლობალურ დონეზე პრობლემა არ მოგვარდება. აქედან გამომდინარე უნდა იქნას აღიარებული, რომ ეს  პანდემია არსებობს, იარსებებს და ამას ჩვენ პარალელურ რეჟიმში მუდმივად უნდა ვებრძოლოთ, გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, გავაძლიეროთ ჯანდაცვის სექტორი და მონიტორინგი, ასევე სხვადასხვა შესაძლებლობები, რომ მინიმუმამდე შევამციროთ პანდემიის გავრცელების რისკები და საფრთხეები, თუმცა ეს არის ერთი მიმართლება და არ შეიძლება რომ სახელმწიფო მხოლოდ ამაზე იყოს ორიენტირებული. დღეს, სამწუხაროდ, ასეა, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო აპარატი, არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ მიმართლებაზე, ანუ ებრძვიან პანდემიას – კარგად თუ ცუდად  ესეც გასარკვევია, პარალელურად ქვეყანაში სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ასევე უსაფრთოების ნაწილში, საერთშორისო ურთიერთბოების ნაწილში და ა.შ. ეს ყველაფერი გახდა მეათე ხარისხოვანი, რაც დამანგრეველია სახელმწიფო მოწყობის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს გრძელვადიან გეგმაზე ორიენტირებული და კოვიდ19-ის პანდემიასთან ერთად თანაცხოვრების  პროცესში, გვქონდეს განვითრების ხედვა. ასეთი არასტაბილური გადაწყვეტილებები, არათანმიმდევრული პოლიტიკა და ტურბულენტური პოლიტიკის შექმნა, კერძო სექტორისთვის დამანგრეველია. ფაქტიურად დღეს ქვეყანაში კერძო სექტორი (მცირე ბიზნესი იქნება ეს თუ მსხვილი ბიზნესი) უმძიმეს მდგომარეობაშია, რაც თავიდან ბოლომდე გამოწვეულია არა პანდემიის შედეგად, არამედ საქართველოს მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკით, გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით, რომელიც გრძელვადიან განვითარებას არ ეფუძნება.

  • არსებობს ადამიანების კატეგორია რომლებისთვისაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოში ჩამოსვლა ან საქართველოდან გამგზავრება, ამ დროს ვხედავთ, რომ რეგულარული ფრენები შეზღუდულია, ავიაკომპანიებს რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ მაგალითად კვირაში ერთ ან ორი რეისი განახორციელონ, მათი ავიაბილეთები ძალიან ძვირი ღირს, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, ხელოვნურად კონკურენციის შეზღუდვამ გამოიწვია ასე კოლოსალურად ფასების ზრდა?

როცა მოთხოვნა/მიწოდების ბალანსი ირღვევა, ანუ მოთხოვნა არის დიდი და ბევრ ადამიანს უნდა გადაადგილება, ამ დროს სერვისის მიწოდება არის შემცირებული მინიმუმამდე, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად კერძო სექტორის და ბიზნესის  პრინციპია, როცა მოთხოვნა-მიწოდება ირღვევა, მომსახურების ღირებულება ორმაგდება, სამმაგდება და რიგ შემთხვევაში ხუთმაგდება ხოლმე. ანუ ეს ცალსახა პროცესია, რომელიც გამოწვეულია მოთოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევით, რაც ხელისუფლების არასწორი სტრატეგიის და არასწორი დამოკიდებულების შედეგია.

დაახლოებით ერთ კვირის წინ გაკეთდა განცხადება, რომ პირველ ნოემბრამდე საერთშორისო ფრენები არ აღდგება, ეს არის სახელმწიფოს პირველი პირის განცხადება, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოში კერძო სექტორში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ინვესტორი, ეს დაინტერესებული პირი თუ  ვინც არ უნდა იყოს, ასეთი განცხადების მოსმენის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში არსებული მოცემულობით პირველ ნოემბრამდე საერთშორისო ფრენები არ აღგება. ზუსტად სამი დღის შემდეგ, ისევ იგივე პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ პირველი ოქტომბრიდან აღდგება ფრენები, ქუთაისის საერთშორისო აეროპორტიდან “ვიზიარის” და “რაინეარის” მიერ, ანუ ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები. რაც ცალსახად აჩენს არასტაბილურ გარემოს. მაგალითად, ინვესტორი ან პირი რომელსაც საქართველოში სჭირდება ჩამოსვლა, გასვლა, უჩნდება განცდა რომ ეს ქვეყანა არის არასტაბილური და მისი ხელმძღვანელები, მმართელობის დონეზე, არიან არასტაბილურები, შესაბამისად ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება და საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების დონემდეც მიდის, მათ რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება, ელემენტარული საჭიროებებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს განათლების საჭიროება, სამედიცინო სერვისის მიღების საჭიროება, ან თუნდაც რაღაც პირადი საჭიროება. საბოლოო ჯამში გამოდიან დაზარალებულები იმიტომ, რომ უწევთ კარანტინის  გავლა. მათ უწევთ ბილეთის ხუთმაგი ღრებულების გადახდა და ასე შემდეგ, სათავე ამ ყველაფრის არის სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა.

  • როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა ფასები ისევ დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს, რაც ვირუსამდე არსებობდა?

ფასებს არეგულირებს ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც მსოფლიოში, ავიაციის ბაზარი დაიწყებს აღგენას, მეტნაკლებად დარეგულირდება ავიაკომპანიების ფინანსური მდგომარეობა, მათ შემოსავლები.

 მე განსხვავებული პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პირიქით ავიაციის სექტორისთვის იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა, განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, ასობით მილიონი ადამიანი რომელიც მოწყურებული იქნება გადაადგილებას, საქმიანი ვიზიტების განხორციელებას და ასე შემდეგ, დიდი ალბათობით, აქტიურად დაიწყებენ მოგზაურობას. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა-მოწოდების ბალანსი ისევ იქნება დარღვეული და ავიაკომპანიებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ საკმაოდ სოლიდური შემოსავლები, რაც განაპირობებს მათი განვითარების და რეინვესტირების შესაძლებლობას, ეს კი ნიშნავს საჰაერო ხომალდების განახლებას, მათი პერსონალის გადამზადებას და ა.შ.  ანუ ერთბაშად დიდი შემოსავლები, რომელიც გაჩნდება ავიაკომპანიებში, იქნება ავიაციის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა. თუმცა, ხაზგასასმელია ის მოცემულობა, რომ ყველა ავიაკომპანია თითქმის თანაბარ პირობებში იქნება, უბრალოდ ვის როგორი სტარტი ექნება და ვინ უფრო კარგად  გამოიყენებს ამ მოცემულობას, ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი.

ინტერვიუს ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული