პარასკევი, მარტი 29, 2024

ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ საკითხებთან დაკავშირებით შანტაჟს თანაგუნდელის მიმართ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძე მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ აამოქმედა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ ერიდებიან. თითოეულ მათგანს მკაცრად ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რადგან ამ უკანონობას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ექნება. გარკვეული მიზეზებისა და ადამიანების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ საკითხებთან დაკავშირებით შანტაჟს. გამგები ამას აუცილებლად გაიგებს და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, არ გაბედოთ მსგავს უკანონო ქმედებაზე. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს შანტაჟის მცდელობის დონეზეც კი მაინც გამოიყენებს, უმკაცრესად დაისჯება სამართალდამცავი ორგანოების და ხელისუფლების მხრიდან. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მოსმენები, ფარული ჩაწერები, დააშანტაჟება, თქვენი არავის ეშინია,“ – აცხადებს ვაშაძე, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ქალების წინააღმდეგ ამ იარაღის პოლიტიკაში გამოყენების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისივე განცხადებით, დღვანდელი ფაქტი შეეხება ერთ-ერთი მათი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, შესაბამისად, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ საუბრობს.

ამ განცხადებას კარგად ამოიცნობს და მიხვდება ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ხელი არ წაგიცდეთ და მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. გპირდებით, ჩვენი მხრიდან იქნება უმკაცრესი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამბავი გამოგონილია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ. დამნაშავეს ჩავყვებით ბოლომდე და აღარ გაბედოს შანტაჟი არა მარტო მან, არამედ არცერთმა სხვამ, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ არავინ გაბედოს მსგავსი ქმედება, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული