ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024

ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღებს ახალ უფრო ხარისხიან ჯიშებს – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი დამატებითი პროგრამა გაჩნდება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, ვისაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. პრემიერის თქმით, ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება:

ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად – რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმერების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტურობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული