ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“სითი მოლი” ძლიერ აფეთქებას გადაურჩა, შენობის ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის 8 სანთურის გამო

გვიან ღამით საბურთალოს “სითი მოლში” მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. სავაჭრო ცენტრის შენობაში მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის 8 სანთურა ღია მდგომარეობაში დარჩა, რამაც ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია. უსაფრთხოების მიზნით, ობიექტს გაზმომარაგება შეუწყდა.

გვიან ღამით „თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისული „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას, გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. ეს ნიშნავს, რომ „სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა “, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტზე, ასევე კომენტარი გააკეთა”სითი მოლის” მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ელოშვილმა და აღნიშნა, რომ “გუდვილი” არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც გაზი ჯერ კიდევ არის შეყვანილი, თუმცა მომხდარი ფაქტის გამო გადავა ელექტროენერგიის მოხმარებაზე.

დაცვის თანამშრომლების მიერ მოხდა ამ ფაქტის აღმოჩენა, გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახური და აღმოიფხვრა პრობლემა. გამოძიება მიმდინარეობს და გავარკვევთ ეს იყო შემთხვევითობა თუ რაიმე სხვა. “გუდვილი” არის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც “სითი მოლში” არსებული კვებისა თუ მაღაზიის ობიექტებიდან ძველი სავაჭრო ობიექტის მხარეს არის და ერთადერთი ობიექტია, სადაც გაზი ჯერ კიდევ არის შეყვანილი 41-ე დადგენილების მიხედვით, არც ერთ სხვა ობიექტში არ არის და მომხდარი ფაქტის გამო მოცემულ ობიექტშიც აღმოიფხვრება გაზის სისტემა და გადავალთ დენზე,“ – აცხადებს ”სითი მოლის” მარკეტინგის მენეჯერი სოფო ელოშვილი.

„სითი მოლის“ „გუდვილის“ ტერიტორიაზე ამ დროისთვის სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობს უსაფრთხოების სამსახური.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული